სევდიანი ზურმუხტი


ნოხთა ყვავილებს გადაესხა ოქროს სასხური,
მაგრამ დედოფალს ჯერ არ სძინავს და თეთრად ელის,
პირამიდებში გაიფანტა ნისლი სიბნელის
და ლიდევ ერთხელ მოშვილდაობს მეფის მსახური,
დღეს სხვანაირი: ფერწასული და უსახური.
მოჰქრიან ხმები საშინელი გასაგონები:
“მოგვიკლეს მეფე” და ატირდნენ ბნელი მონები,
დარბაზში კრძალვით შეასვენეს მბრძანებლის რახტი,
ღამისფერ ფარჩით შეიმოსა ფირუზის ტახტი.

ღრმა ღამეებში თეთრ ლანდივით შესახედარი
სწუხს დედოფალი: დაფანტულა ფიქრი მრავალი;
საზღვრების იქით იხედება მისი მხედარი,
მაგრამ არ იცის ნათელი გზა იქ წასავალი.
და მძინარ დარბაზს თითქო ნაზად მიეპარება,
სანთლისფერ ლოცვით აჩქარებას მეფეს ჰპირდება,
მაგრამ ჩქარი მზე შორეულ ლანდს მიეფარება
და დაღალული მეოცნებე კვლავ ატირდება.

აღმოსავლეთის ძვირფასი ქვა, თეთრი მადონა
დილით ირთვება ელვარებით და სიძვირფასით;
მაგრამ იჩოქებს დეოფლის წინ ასული მონა,
ფრთხილად აგროვებს ზურმუხტის ცვრებს იისფერ თასით.
და ყოველ ღამის ამ ცრემლებში პირდაბანილი,
კრძალვით შეხვედრა ჩუმ დედოფალს მეტად უხდება.
და როცა მოვა სურნელება მზით მოტანილი,
ემჩნევა სახეს საკვირველი გაზურმუხტება.

საზღვრების იქით გზა არ ინახება,
რაც უნდა ბევრი ღამეები ცრემლებით თვალო!
ძველ სიმღერებში შენი მუდამ წმინდა სახება
თეთრ პილიგრიმებს შენახული აქვს დედოფალო!
როცა არაბი ჰფანტავს სილას აელვარებულს,
იგონებს როგორ ლოცულობდი და როგორ სწუხდი,
და იმ სიმღერას, მარად ახალს და შეყვარებულს,
პირამიდებში სერვდიანი, - ჰქვია, -ზურმუხტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი