მარიამ წერეთელს


ჩემო ძვირფასო! ყველა გეტრფის, ყველას ახარებ,
მე ჩუმადა ვარ, არ მჯერა, რომ თავს შეგაყვარებ.
დიდი ხანია გერიდები და ვარ მდუმარი,
შენთვის ვარ მხოლოდ ახლობელი, მხოლოდ სტუმარი.
მაისი მოდის! ვერ დავფარავ დიდი ხნის დარდებს,
შენს ნაცვლად ვეტყვი ჩემს სიყვარულს, მხიარულ ვარდებს,
და როცა ბაღში შენ გაივლი დარხეულ ტანით,-
გაშლილ ვარდებში ჩემი ტრფობა გამოიცანი.
აღარ ვიქნები მაშინ შენთვის ბავშვი, სტუმარი,
და ამღერდება ჩემი ლექსი წინათ მდუმარი.
მე შევეხები ნაზი კოცნით შენს ბროლის ხელებს
და სული მეფედ მხოლოდ შენ ერთს დაგასახელებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი