სონეტი (კოკაინის ბუში)


მე ვეტყვი ვინმეს: ,,ჩემს სონეტებს რად არ აფასებ”
მერე უეცრად: ,,თამარ იყო ჩემი დობილი”...
ვსთხოვ საწყალივით – შესვას ჩემი შესანდობელი,
და თავს დავიღრჩობ სამიკიტნოს მყრალ დარაბაზე.

თუ იმ დღეებში ლხინს მოიწვევს სადმე დარბაზი,
ჩემ თვითმკვლელობას გზა ექნება იქ დათმობილი...
ვახშამი, ყავა, მადლობა და ავტომობილი,
მშიერი ფიქრი სახვალიო დროს ტარებაზე...

მაგრამ მე დავსწვავ სურნელოვან ლექსთა თაბახებს,
რომ არ დაარსდეს გაზეთებში ძეგლისთვის ფონდი.
და მთქნარების დროს ნურავინ ნუ დაიტრაბახებს,

რომ მე შემიყვარდა და შემთხვევით კვლავ მოვაგონდი.
მე მაგინებდენ, მაგრამ ვიცი ქებაც ბევრს სურდა
და უკაცრავად, თუ თან წამყვა სათქვენო ხურდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი