ოფელიას ორდენის კავალერს


შენ როცა გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
თმებს გიხელ შენი ოფელია მწვანე თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.
გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად,
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაფკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.
ქვეშევრდომ პოეტს ენა მეტად დაგებორკება,
ახლა საყურეს დაჰპირდები, შენ, უხერხული.
მან დაგავალა შენ მესტების ფეხზე მორგება
და ემზადება, რომ გამართოს შენთვის ფერხული.
სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა,
ქალწულ სურვილებს შენ გიმხელს, შენ დაგენდობა,
და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნებოდა ეს დარბაზობა,
აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა.
და ეს შეხვედრა კიდევ ხშირად რომ გამეორდეს,
რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,
შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,
რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად-ერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი