მალთაყვა


მზიანი დღეა…...ზღვის ნაპირი ჩუმი, მშვიდია,
გახედე ტალგებს, როგორ ფერად-ფერად მიდიან.
რა სიხარულით მიაშურეს ნაპირს ლოდიანს,
ერთი მათგანი თითქოს მწიფე შინდის ტოტია.

ერთი მათგანი ყვითლად ელავს, როგორც ქაფური.
წავიდეთ, ვნახოთ ის ნაპირი გამოკაფული,
სადაც შარშან წინ გადარგული ევკალიპტები
დამძიმებულან მოჟრიალე, ზღვისფერ ჩიტებით.

აი, ნაპირი ზღვის კენჭებით გადაქარგული,
ეს ხე პირველი - აყვავების ნიშნად დარგული.
აი, პირველი საძირკველის აღმოშენება,
აი, მალთაყვა, უახლოეს დღეთა მშვენება.

აქ ორმოებში ადუღდება კარი ღვარებად,
აქ გაჩაღდება ქაფქირების აელვარება,
აქ იომებენ ახალციხის კალატოზები,
აქ ყვითელ ტოტებს მიუშვერენ ზღვის მიმოზები.

აქ აგარაკი გაშენდება... და ზღვის სინაზეს
მზე დაადგება ენკენის თვის დამთბარ დილაზე.
ბავშვებისათვის გაჩენილი არის ნაპირი
თვალმიუწვდენი, სილიანი და პირდაპირი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი