მწვერვალებიდან


აი აქ არის, მეგობრებო, ის ასპარეზი,
რაც ბედმა მისცა ამაღლებულ გონებას ჩარჩოდ,
არც უკეთესი, ჩემო ძმებო, არც უარესი,
არ გვიძებნია ახალგაზრდა სულისთვის სარჩო!

შეხიზნული ვართ საქართველოს შეუვალ მთებში
და მივსდევთ ფერებს, ხმებს და სიტყვას მგელური მადით;
კლდეში ქარივით დატრიალდა ავსილი თეფში,
და უსმენს სივრცე საყვარელი სტუმრების ნადიმს.

თქვენს შორის, ძმებო, არჩეულის წილი მრგებია,
რომ საიმედოთ გავჩნდე ხოლმე უეცარ ზარში;
რადგან სიახლე, რადგანაც მზე ლექსის გერბია,
რადგან ვერ ვითმენ და ნახშირსაც დავატან ზარნიშს.

ალბათ ეს არის ჭაბუკური სულისკვეთება,
რომ წვიმის დღესაც ჩემი ზეცა მწუხარე არ ჩანს,
ასე მახარებს უბადრუკი კუბოს კეთებაც,
როცა ოსტატი მას უმატებს მხიარულ ფარჩას!

ასეთ ცხოვრებას ვერ დაუდებს საათი ვადას,
და ასეთ მკერდებს ვერ შებოჭავს დაბეჩავება!
შრომაში, ომში, ქარიშხალში _ ვიქნებით სადაც,
ყველგან სიცოცხლის ქადაგებად უნდა ჩავებათ!

მწვანე ფოთოლი, ფრინველის ხმა, წყაროს წკარუნი,
ქალის წამწამი_ ხომ სულ მცირე სანუკვარია,
მაგრამ, როდესაც აიტაცებს მათ სიხარული,
ყველა მათგანი მარადიულ ციხის კარია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი