პოეზია


გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები,
ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არი ტანჯვა უფრო უზარმაზარი
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს "ეს კაცია ლექსის მწერალი",
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტანჯვა, დასაქცევი ტვინი ვერანი.

რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.

შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი
და სისხლი, აზრი სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს,
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მიშიკო ხალიჩაშვილიპოეტი5 თვის წინ

გენიალური ლექსია !

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი