ავსება-დავსება
როგორიც ახლა ხარ, ყოველთვის ასე ხარ, ავსება-დავსებავ, სულ ცრემლით სავსე ხარ. რამდენიც მეომე, იმდენი მეამე, დაღლილ დღე-ღამეთა იღბლები ღელავენ,- ხომ გახსოვს, კინაღამ დავკარგე ენა მე. მწვერვალებს წაკრულო თოვლების ჩალმებო, ჩანხართ ვით კისერში მტრის ხელის ჩავლება. მწირი და ცივი ხართ, თანაც წარმტაცები, ვით ჩვენი წარსულით მოდარდე კაცები. ო,სიხარულებო, იმდენი ნაზი დღე იმდენი ღიმილი საითკენ გაზიდეს?! ვისაც ხსნად ველოდი, ვხედავ,-თავს მტერობენ, ყოველ დაღამებას არქმევენ დღეობას. ჰაერში, კაცებს რომ ტყვიები უსვრიათ ჩიტები ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან. ეს დღე კი ოდასავით დგას მყუდრო, უქარო. კედელზე ჯვარცმაა თუ ქვეყნის რუკაა?! დაჭრილი სამშობლო აწყვია ნაჭრებად, მას თვალით ზომავენ დუნიის ვაჭრები. კი, რაც დაგვრჩენია ვიჯერებ, ჩვენია, თუმც ასეთ ახდენას ნატვრა მირჩევნია. ო, სიხარულებო ციცხვებით სახვეტო, რად ამოილიეთ, საითკენ წახვედით. მიწა მეც მიმელის, - დუმილის მინდორი, ალალ ვიყო არმყოფიც, როცა ის მინდომებს. ვუბარებ, მთა-ბარებს, ქვევითაც, ზევითაც, მომრთევით ყვავილთა ფერადი მზერითა. მე თქვენი ტანებით და თქვენი ფერებით ვკურნე გულნატკენი ჩვენი სიმღერები. ნუ გწყინს მეგობარო, თუ რამ ვერ გარგევი, ერთი სიყვარული ჩვენ ხომ ნერგად ვრგევით, ერთად ვდარდობთ, - რატომ მამულს ვეკარგენით. მე უფრო მშობლური მინდოდა სამშობლო, ახლანდელს კინაღამ ის, წინა, ვამჯობნო. შვილს შია, ხოლო შინ მიწები ბერწობენ, და პატრონს წყევლიან ვერმცნობელ-ვერმგრძნობელს. დედულ-მამულეთო, დუშმანოსეულო, გვიგულე, შენი ცრემლით ვინც ვართ მოზელილი! ხომ შენს ქარტეხილებს მოვწონდი, ვმოძღრობდი, მეც შენი სიცოცხლის ლოცვებით ვცოცხლობდი. შენთვის შევინახეთ თავიც, შენი ხმებიც, (კვლავ შენს ყიდულობენ ზღვა-ხმელეთს შეიხები). ო, სიხარულებო, ძველებო, ახლებო, რად მიმოიმალენით, საითკენ წახვედით? რა მივხვდი, ძირს ვეგდე მოჭრილი იმ დირედ ქართველი რომ ერქვა ჩვენს ქართულ სიდიდეს სიდარდე ვწერე და იმითვე ვიტირე. ვიტირე ჭოროხთან, ხიხანთან, ბეშუმთან, მერე იმნაირად დრო გაუხეშურდა, ეგება ის ჩემი ტირილიც შეშურდათ, მაგრამ იცის ცრემლმა, ღამე ვინც მითია, - ლექსები რჩებიან, მგოსნები მიდიან. აჭარავ, სამშობლოს სამშობლო შენა ხარ, შენა ხარ, სულივით, ქართულის შენახვა, სიტყვა ხომ შენს ბაგეს სისხლივით შეახმა. მწამს რწმენა, არა ის რომლითაც მამხობენ რწმენა მწამს, რომელიც ჩემს ხალხთან მამყოფებს. ყოფნა და არ ყოფნა დღეს კი კვლავ დაობენ დღეები, დღეები ნელ-ნელა ჩქარობენ. მეწვიან წარსულეთის ყმაწვილი ის წლები ამ წუთს კი მგონია ამ წუთას ვიწყები. ახალმესიტყვენი რითმებს ვერ ითმენენ, მე კი რაც მტკენია ვიამებ იმტკენებს. დღეს, ჩვენში, ბევრს, როგორც ურიას ფული აქვს მაგრამ განა ყველა ფულიანს გული აქვს? როგორაც ახლა ხარ, ყოველთვის ასე ხარ, ავსება-დავსებავ სულ ცრემლით სავსე ხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი