აი, ამ იის დილისფერ ღიმილს..


აი, ამ იის დილისფერ ღიმილს
და ათასი წლის შორეულ ტაძრებს,
რაც რომ მე მთლიან სიცოცხლედ მიღირს,
მარტო შენ გაძლევ, მარტო შენ გაძლევ.

გაძლევ აი ამ ალვებს და ნაძვებს,
სიცილ-ტირილებს და ხვევნა-კოცნებს,
იმ დაკარგულსაც ყველაფერს გაძლევ,
დღეის ნაპოვნსაც ყველაფერს მოგცემ.
აი, ამ ცაში ნავარდა ფრთოსნებს,
ჩემთან ნაქროლი ქარები რომ სვეს,
და ფრთებით ლურჯი ზეცანი კაწრეს,
ყველაფერს, რასაც გულში გავივლებ,
აქ მიმოკრეფილ მინდვრის ყვავილებს,
ერთად შეკონილს, მარტო შენ გაძლევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი