ასვლა
გურამ ფანჯიკიძეს, ჯემალ ჯაყელს, ამირან ხაბაზს იქნებ ასვლა ვარძიამდე, ასვლა გოდერძ-სხალთა-რიყეთს, დიდ მგზავრობად არც კი ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის დიდი იყო. მინდა ყოველ ასვლით ვძებნოთ დღე, როგორიც იყო ის დღე, მთაში ერთად ყოფნა, ძმებო, სიყვარულად რომ დამწიფდეს. გახსოვთ, ღვარმა ხიხანს, ვერნებს, როგორ ღვარა, როგორ ფუშა, ჩვენც შურ-ბოღმით ბევრჯერ ვევნეთ, მაგრამ გვითქვამს: არა უშავს. თხილვანაში როცა მიხვალ, ძველს და ახალს ლოცავ როცა, ატყობთ, როგორ მოსწონს ხიხანს ჩვენი ასვლა, მღერა, კოცნა?! იყოს ასვლა, სულ ცის გახსნა, როცა მზეც კი აღარ ჩავა, საქართველოვ, აქ ვართ, რაც ვართ, _ მესხეთი ვართ, აჭარა ვართ. გახსოვთ ნისლში, სიცივეში, ჩვენ ძმობით რომ მტრობა ვკალით, ცამ ცინიკურ სიცილივით დაგვაყარა ხოშკაკალი. თუმცა, არა, ალბათ მოსვლით, ხალისი რომ მოვაცილეთ, მოზეიმე მთის ტაროსი გვიმართავდა ოვაციებს. მერე, ლამაზ ზეგნურ ზრუნვით, ცეცხლთან ნათბობ მოგონებით, მორთო გენჯალასმა ზურამ, სუფრა ჯიგარ-სოკოებით. გვითხრა: გოდერძივით გაძლებთ, როცა გული გულს არ უშლის, ღმერთი დიდხანს გავაჟკაცებთ სიყვარულის სამსახურში. გვთხოვა, ვარძიაში გვეთქვა, სალოცავად ლექსის ღმერთის, ჩვენი ქართველობის ქება, სამას წელიწადს რომ ვერ ვთქვით. ჩვენ კი თითო ცრემლის წვეთად ჩავიწვეთოთ სიტყვა სულში, და ვიფიცოთ, ვიყოთ ერთად სიყვარულის სამსახურში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი