ბათუმური წვიმა


ხანდახან გული ძლიერ დამეწვის,
რომ აძაგებენ ბათუმურ წვიმას;
მათ არ იციან, შტოზე წვეთები
რა სევდიანი ღიმილით ბრწყინავს.
მათ არ იციან, წვიმა შხაპუნა
რას ეუბნება წვეთებით ფოთოლს,
არ შეუძლიათ სახურავებზე
დაღვარულ თქეშის ხმა შეიცოდონ.
მათ რა იციან, როგორ უხდება
ხეებს, ქუჩებს და სივრცეს მთებიანს,
როცა ღრუბლიდან თბილი ჩქერები
ქალის თმებივით დაეშვებიან;
როცა დაფნები, მაგნოლიები
ზღვაურის ალერსს ინაწილებენ
და ხორუმივით დარხეულ ტალღებს
კენჭები ტაშით მიაცილებენ.
თუ დაფიქრებით ყური მიუგდე
მტირალ ბავშვივით ლამაზ ბუნებას,
არ შეიძლება შენ არ მიუხვდე
ღრუბელი ღრუბელს რას ეუბნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი