ბიჭი ანკესით
ავთანდილ დიასამიძეს ქვიშაზე ბიჭი მიაბიჯებს ხელში ანკესით და ლანდი მისი იკეცება ზღვის ლურჯ სარკეში, ეს განაბული, გადაბმული ცა, ზღვა, ხმელეთი ბიჭს თან მიჰყვება სხვა ფერების გაშლილ ხელებით. ქალაქი, სახლი, ეზოები ხან ჩანს, ხან არ ჩანს და სუსტი მხრებით ამ სივრცეთა მიაქვს ბიჭს ტანჯვა, შეშინებული, მშვენიერი თვალები ხედავს, _ ბედის მორევთან ბიჭი მივა. ვერვინ გაბედავს ფეხშიშველას სვლა შეაჩეროს გლოვით ან კვნესით, ქვიშაზე ბიჭი მიაბიჯებს ხელში ანკესით. ნაღვლიანები შესცქერიან გზები, ქედები და ასკდებიან კლდეს ტალღები, ვით იმედები. სად გადაისვრის ნეტა ანკესს, სად გადაისვრის? არავინ იცის, ბიჭის გარდა, არავინ იცის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი