გმადლობთ


გმადლობთ, სიყმაწვილის ტკბილო სიყვარულო,
ჩუმად გაპარულო,
სადღაც მიმალულო,
გმადლობთ, სიხარულო,
გმადლობთ, ტკივილებო,
მთვარევ, გვანცაზე რომ ისევ მიილევი:
გმადლობთ, მთვარისფერო
რუის გვირილებო,
გმადლობთ, წისქვილებო,
სავსე ხვიმირებო,
მამის გაჯავრებავ,
დედის ღიმილებო,
გზაო, ქალამნიან ფეხქვეშ დაგებულო;
ცრემლო უწმინდესო,
ჩუმო საყვედურო,
გმადლობთ, იმედებო,
თუნდაც დამემდურო;
გმადლობთ, სიცოცხლეო,
მალხენ თუ მაწვალებ,
ჩემი თავისთვისაც
გმადლობთ, გენაცვალე;
რაც ვარ, როგორიც ვარ,
ეს ვარ, _ შენითა ვარ,
ჟამმა ჩემი წილი ვაშლი მომითვალა,
შენი სიყვარული
თუკი დავანელე,
ქარით მოგუგუნე აღმართს ვერ ავივლი;
ჩემი დარჩენილი ყოფნის დღე-ღამენი
კალამს იხვეწება
ცისფერ მელანივით,
გმადლობთ, ამ ჩემს შუბლზე
ჟამთა ნახაზებო,
შენგან არ ველოდი
ამდენ დაფასებას.
გმადლობთ, სიყმაწვილის ტკბილო სიყვარულო,
ჩუმად გაპარულო, სადღაც მიმალულო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი