გმადლობთ, მასწავლებელო!


შენ რომ წერა მასწავლე,
შენ რომ კითხვა მასწავლე,
ბედისწერა იმით სულ
ვამთელე და ვამძლავრე.
შენ რომ წიგნი მასწავლე,
შენ რომ სიბრძნე მასწავლე,
არავითარ სხვა განძში
იგი მე არ გავცვალე.
გენდობოდი, გისმენდი,
ჭკვიანსა და მიხვედრილს,
მშობელს თუ ვერ ვეტყოდი,
იმას შენ გაგიმხელდი.
შენ მირჩიე, ვეძებო,
შენ მითხარი, შეძლებო...
ახლაც მინდა მეფერო,
ჩემო მასწავლებელო!
ყველგან მხვდები ყოველდღე,
შენ მიმიკვლევ შორეთებს,
შენ მაკაცებ, მაღმერთებ,
მასაქმებ, მაპოეტებ.
ჟამთა აღმართ-დაღმართზე
ხოხავს ჩემი ურემიც,
ფიქრით, ცრემლით, სიმღერით
მამულს ვემსახურები.
და თუ ოდნავ კარგი ვარ,
თუ უკეთესს შევიძლებ,
ჩემი დღის ფერებიდან
მეფერება შენი მზეც.
ეს ცხოვრება მკაცრია,
სად არ გითხრის ორმოებს,
უსწავლელი გასწავლის
ყბედნი უკეთ ცხოვრობენ.
შენი ასე ლამაზი
შრომა და სიმყუდროვე,
არ ყოფილა არასდროს
მოჩალიჩე, მედროვე.
შენ რწმენით, წმინდანივით
გაჭირვების მზიდავი,
ხშირად თუმცა ღარიბი
ხარ ყველაზე მდიდარი.
შენ ხარ მასწავლებელი,
შენსას არა, არ დათმობ,
ზოგჯერ გული თუ გეწვის,
დაე, გული იწვოდეს, _
გულმა უნდა ანათოს.
იყავ მუდამ ალალი
ღიმილით თუ ტკივილით,
იყავ მუდამ მართალი
პირველ გაკვეთილივით.
გულიანად ბოლომდის
ცოდნის სახლი ააგე,
ქართულ სიტყვის ოქროთი
კვლავაც მომამარაგე.
დღემაღალო, დღეგრძელო,
ყველგან ჩემო მხლებელო,
ამ მადლიან მადლისთვის
გმადლობთ, მასწავლებელო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი