დაუვიწყარი
დელგმით დაღვარულ ჩემს გავლილ ბილიკს რთავს შეხვედრები დაუვიწყარი, თვალს გავადევნებ დღეების სირბილს და არად მიჩანს, რაც რომ ვიწვალე. ვარ ბედნიერი იმითი, რაც ვარ, _ ვით ძველ ტაძრებზე ზარების რეკვა, ქუხს სახელები: თამთა და გვანცა, ზაზა, მინდია, სულხანი, ბექა. გამთელებულა ჯილაგი, ჯიში, მოვდივართ, მკერდით მოვარღვევთ გრიგალს, და, თუმცა მტერი სულ მუდამ გვიშლის, სადაც ვიყავით, ყოველთვის იქ ვართ. გახსენებების დამდგარა ჯერი, მაქვს ბევრი რამე დაუვიწყარი, სიხარულებში ვატარებ კვნესით რამდენ ხიხანს და რამდენ წიწამურს. მაგრამ, ძვირფასო, სიცოცხლის ჯადო, ისე დუღს ნერვში, გენებში ბორგავს, რომ მე, აცდენილს დაღუპვას ამდენს, თვით სიკვდილითაც კი ვეღარ მომკლავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი