ეგნატეს იუბილეზე თქმული
როცა ეგნატეს ვახსენებ, მაშინ გულშია გურია, გურია ნინოშვილივით წრფელია, დიდებულია, იგი ჩემია, მე _ მისი, ერთი ვართ სულით, სხეულით. როგორც აჭარა-გურიის მთები მხრებგადახვეულნი, ერთია ჩვენი სიმღერა, ერთია ჩვენი ხორუმი, ერთია სიტყვა, რომელსაც ვუვლით და კვლავაც მოვუვლით. ამ სიტყვით ზიდა ეგნატემ აზრი ცრემლ-სისხლით ნაზელი, ამ სიტყვით, ხალხო მშობელო, კვლავ ბევრჯერ გავლამაზდებით. ერთად გვხოცავდნენ ჭოროხთან, ერთად გვხოცავდნენ ჩოლოქთან, ჩვენი სიცოცხლე ქართული მაინც ვერ მოკლა ბოროტმა. ვუთხარ წამებულ წინაპარს მადლობა, კიდევ მადლობა, როგორც ვუვლიდით ამ მიწას, მარად ჩვენ ვყავდეთ პატრონად. როცა ეგნატეს ვახსენებ, მაშინ გულშია გურია, გურია ნინოშვილივით ტკბილია, ჩვენებურია. მოდით, ჩვენ ჩვენებურად ვთქვათ, რაც ძველად მგოსნის თქმულია: რასაც დავიცავთ, ჩვენია, რას არა, დაკარგულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი