ეს ღამე


ეს ღამე, ასე ულმობელი და ბუმბერაზი,
თავის ჭრელი ცით მეუფლება, როგორც სიმწიფე,
მისი წარღვნისგან ვერ დავიხსენ თავი ვერასგზით,
დიდი ხნის ჩამქრალ ვარსკვლავივით
მაინც ვციმციმებ.
ეს ღამე მიწის, ფოთლის, ნისლის სულით ნაკაზმი
გასქელებულა, ხეობათა ჯამებში ბოლავს,
კაეშნიანი ეს სიჩუმე, ასე ლამაზი,
გაღმა-გამოღმა დააქვს ჩემი ოცნების ბორანს.
ეს ღამე ისე შემოვიდა ჩემს ეზო-კარში,
როგორც მარხილი, მამაჩემმა რომ მოათრია,
გავშალე ღამე, ისე, დამბალ თივას რომ გაშლი...
თითქოს კალთაში ჩავუწექი ნენეს ხათრიანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი