ვინ მელოდება


ვინ მელოდება დანდალოს ხიდთან,
თამარის ხიდთან ვინ მელოდება?
ჩემი ბავშვობა ჩემთან მოვიდა,
ბავშვობა ჩემი განმეორდება?

ხიდზე გასულა მწყემსი ბიჭუნა
ღაზლის ხალათით, მესხურ ქალამნით,
ქარი მინელდა, ხევი მიჩუმდა,
არ იყურება გზიდან არავინ.

გადაჰფენია თმები ყურებზე,
თხელი გულ-მკერდი გადაღეღია,
ვის ელოდება, სად იყურება,
ვისი ძახილი ესმის ღელიდან?

სხვა გზები მელის, სხვა აღმართები,
სხვა დაფლატული გადასასვლელი,
სხვა ელვა-ქუხილს გადავეყრები
და სხვა წვიმები დამასველებენ.

მაგრამ ის ერთი ყლუპი ნიავი,
ბავშვმა ამ ხიდთან რომ ჩავისუნთქე,
ჩემი სულია, ბედისტრიალო,
შენც ხომ აქაურ მზით დაითუთქე?

ხმა და ანბანი წარსულის ჭირთა
შემომინახეს მე ამ ლოდებმა,
ვინ მელოდება დანდალოს ხიდთან,
თამარის ხიდთან ვინ მელოდება?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი