ვნახავ
სხალთის ტაძარს რომ მწუხარე ვუმზერ და თავს გუმბათი მხურავს მთავარი, მე ტკივილივით მაწვება გულზე გამოჭვარტლული მისი თავანი. როცა დანდალოს ხიდზე გასული მე რვაასი წლის კიბით ავივლი, ძველი კედლიდან ცოცხალი სურო ხელს გამომიწვდის თამარ ქალივით. ნანგრევთა ტკივილს მივხვდები უფრო, მას თან ვატარებ, როგორც საკუთარს, მე ვხვდები ტაძარს არა ვით უცნობს, არამედ ვინაც კაცად მაკურთხა. აქ ყოველ ქვაზე წვეთი სისხლია, და ყოველ ხეში _ სული წინაპრის, ყვავილები კი სხივებს ისვრიან შორი თვალების ჩამქრალ სინათლით. გაღვიძებულო სხალთის ტაძარო, მაგ სამასი წლით ნაწყენ გუმბათებს, ეს დღევანდელი სიტყვის ხანძარი, ეს დღევანდელი ხმები კურნავდეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი