ზაქარია ჭიჭინაძე
ჭვანის მეჩეთთან, ზემო აჭარას, მოღლილი კაცი შედგა ხურჯინით. - ზექერია ვარ, - უთხრა ეფენდის, მუსლიმანი ვარ, მაგრამ გურჯი ვარ. მოლა დაეჭვდა, თვალი მილულა, სავსე ხურჯინმა თლათ გააგიჟა. აახაჭუნა კრიალოსანი, უცნობი ლოცვად მიიპატიჟა. მოსულმა ტვირთი რომ ჩამოიხსნა, ძელს მიასვენა ისე აზიზად, ვითომ დაფლეთილ აბგაში ედო ამ მემლექეთის მთელი ხაზინა. და ზაქარიამ ილოცა ჯუმა, გახსნა ყასიდად ძლივნაზიდარი ხურჯინი, და თავს წამომდგარ მოლას ფეშქაშ მიართვა ერთი ქითაბი. ეს "დედა ენა" იყო _ ღამეში მოახლოებულ დღეთა გამშლელი... მოლა გაოცდა, _ ქითაბს დააცხრნენ მოწყურებული მისი ბავშვები. _ რა ქითაბია ნეტა ასეთი, შიგ რა წერია ასე ლამაზი? მოციქულს ძველი `ჰეგბით~ ამოვლილს მოლა ლოცავდა ყოველ ნამაზზე. ის კი, დაცვეთილქალამნიანი, გულნაღვლიანი, სახენათელი, არც ქრისტე იყო, არც მუჰამედი, იგი, უბრალოდ, იყო ქართველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი