თხოვნა პოეზიისადმი
სოფლის დუბეში, პიწკებით და თიხის წებოთი მახსოვს ხუხულა, პაწაწინამ ძლივს რომ ავაგე, თბილი თითებით დედამიწას ვეხვეწებოდი: _ გთხოვ, პოეზიავ, შენი ენით მალაპარაკე. იმ ხმათა ძებნას სიცოცხლეში ვეღარ შევეშვი, რადგან მესმოდა, ეძახოდა მშობელ ალაგებს ჩემი წარსული გაზიდული დარდანელებში: _ გთხოვ, პოეზიავ, შენი ენით მალაპარაკე. თუ ენა იყო დაბორკილი, მიმოკარგული, მაინც თუთქავდა სიმღერებით დედის არაკებს, რომ დამეძახა მერმისიდან ჩემი ქართულით: _ გთხოვ, პოეზიავ, შენი ენით მალაპარაკე. დაპირებული იყო ღმერთი ჯენეთ-სამოთხეს, დიოდა ჟამი და ანგრევდა წელთა ბანაკებს, რომ საფლავივით დამუნჯებულ მკერდს არ აღმოხდეს: _ გთხოვ, პოეზიავ, შენი ენით მალაპარაკე. რადგან მიყვარდა, დამიწყევლა სიტყვა მაჰმადმა, სიტყვა ლოცვებად რომ აღეპყრათ ამ ჩემს მთა-ბარებს, ხედავ? _ მოკლული ის სიმღერა ისევ აყვავდა! _ გთხოვ, პოეზიავ, შენი ენით მალაპარაკე. ისევ ბრდღვიალებს დღე ჭოროხზე, როგორც განგაში, ისეთი კარგი, როგორც მტკვარზე, როგორც არაგვზე, ჩავებღაუჭე ამ ატეხილ ქარებს ფაფარში: _ გთხოვ, პოეზიავ, შენი ენით მალაპარაკე. წამიძეხ, დღეო _ ძმა ძმადა მყავს, მშობელი მშობლად, სახელი ტანჯვით წართმეული ისევ დამარქვეს: ძმებო, მადლობა ამ სიყვარულს, ამ ერთად ყოფნას, რომ გადარჩენის პოეზიით მალაპარაკებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი