იზნიქის ტბა


ამ ტბასთან, პატარა ქალაქ იზნიქში, ცხოვრობდა და იქვე განისვენებს მამიდაჩემი, 28 წლის წინათ პირველად რომ შევხვდი და ლექსი "მემლექეთი" დავწერე.

მშვენიერ გზაზე, მშვენიერ ტბასთან,
მშვენიერ ივლისს დღე დაუღამდა,
მოგონებები მდევს დასტა-დასტა,
ფიქრს კი მრავალი ნაღველი ღადრავს.
ცას მინარეთის ლამბავდა მღერა,
თანდათან სივრცეს გვართმევდა ბინდი
და მახსენებდა ტბის ჩუმი ღელვა
მამიდაჩემის მაშინდელ ქვითინს.

ჩვენ მივდიოდით და რაც გულს სურდა,
გვტკიოდა ჩვენივ თქმულით მეტადრე,
გზა ილეოდა, ჩვენ ჩვენებურთა
გზა-ხსნას ვეძებდით და ვერ ვხედავდით.
ცრემლს გვიხოცავდა სიო მთა-ბარის,
ტბა ბინდბუნდებში თვლემდა დაღლილი,
მთვარე კი, მთვარე სისხლში ნაბანი,
ცაზე ეკიდა სულთნის ხმალივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი