იყალთოზე ფიქრის დროს


თვალწინა მყავს თამარი,
თვალწინა მყავს რუსთველი,
თვალწინა მყავს ქაჯეთიც,
ქართველი რომ სძულს და მტრობს.
თვალწინა მყავს ერეკლე,
ბრძენი, მტრის შემმუსვრელი,
თვალწინ საქართველოა,
იყალთოზე ფიქრის დროს.
მე ამ კედლებს ვენდობი,
აქ მზითა ვარ ავსილი,
გადაფენილ ფერდობებს
ქსოვს შვინდი და ასკილი.
აქ, ბილიკებს, შარაგზებს,
კაცთა ფეხქვეშ გაცვეთილს,
ისევ ბრგე და ლამაზი
მოჰყვებიან კაცები.
ქვებს რომ ქვები უყვარდეთ,
ეს აქ შემიმჩნევია,
მკვიდრად ჩახუტებიან
აგურები აგურებს.
ამ მიწაში და ქვაში
რომ სულია, ჩვენია,
მიხარია, აქ რომ ვარ
და გულიც აქაურობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი