იჭიმება სიმი


როცა ვდარდიანობ იმით _
როგორ, ძმაკაცს ვავიწყდები?
როცა იჭიმება სიმი
სიცოცხლისა ავი წლებით...
როცა სანუგეშო იკლებს,
თან ერთგული ორგულდება
და ჩემს უსასოო ფიქრებს
მაინც ფრთები მოუნდებათ.

როცა მიმატოვებს ბევრი,
სულში რომ წვიმს და თოვდება,
როცა სიძულვილი ბნელი
შინ და გარეთ ბატონდება...

მაშინ ერთადერთი ღმერთი,
ვინაც უახლოესია,
დგება უღალატოდ, გვერდით _
პოეზია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი