კართაგენის მოლანდება
დიოდა გემი, ზღვა ხმელთაშუა იდგა, როგორაც შეეძლო დგომა, აქ კართაგენმა რომს შეაშურა ძალა და რისხვით შეხედა რომმა, _ დასცა, მოსრისა, რომ თავის მოვლაც არ შეძლებოდა შთენილს ღარიბად... და შურისგების მტანჯველმა ომმა ძუძუ აწოვა ამაყ ჰანიბალს. ზღვა გასჭრა ლაშქრით, ტყე-ტყე ირბინა, იკვებებოდა ველურ თაფლითა, დაღალულ ცხენებს შეასვა ტიბრი და... კართაგენმა რომი დაბნიდა. მაგრამ წამოდგა ისევ მმუსვრელი, რომმა აფრიკა სისხლში დაალბო, შემორჩნენ მარტო პაპირუსებში ჰანიბალი და ტურფა სალამბო. არ დარჩა ამბის მთქმელიც არავინ და კართაგენი ისე დახნულა, რომ ჰანიბალის ლურჯი კარავის ოდენაც მისგან არ შენახულა. მამულო ჩემო, რა ჭირთა ბრუნვამ შენი მოსრესის ნდომა ანელა? მითხარ, სიცოცხლის რა მზემ, რა გულმა გადაგირჩინა რწმენის არენა? გემი "გიორგი ლეონიძე", ხმელთაშუა ზღვა. 1974
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი