კახაბრის გზაზე
პალმა სევდით რომ დავარცხნის ჰაერს, გზად მოჩურჩულეს ვუსმენ ჩინარებს: _ სირცხვილი მას, ვინც ამ ჩემი მხრის ქართველობაში იეჭვიანებს. მოკლულ წარსულზე დარდით და ვიშით მითხრა ნატაძრალ ხინოს ფერდობმა: _ სირცხვილი მას, ვინც აქ ჩემი ჯიშის ძველქართველობას არ დაენდობა. ნუთუ არ გესმის თუ რაზე მღერის ძველი, ჭკვიანი ჩემი ჭიბონი? სირცხვილი, ვინაც აქ ჩემი ერის ერთგულებაში გულს ვერ იპოვნის. ჩვენი ბედკრული ბედის დუშმანი სულ ჩვენი ჟუჟვის ჟინით გიჟობდა, იმ ტკივილთაგან ახლაც კურცხალი ცრემლი ლოყაზე ისევ მიჟონავს. სხვადასხვაობა სალოცავთაო, არ გვაშინებსო, ილიამ ბრძანა, ქართველობაო ოღონდ ატაროს რწმენაში სისხლმა, ხორცმა და ძვალმა. საქართველოსთვის აკუწეს, დაფლეს თავი სტამბულს და ტანი _ აჭარას... სირცხვილი, თუ ვერ ვენდობით ამფერ კაცს, განათებულს ხიხას ხანძარით. პალმა, სევდით რომ დავარცხნის ჰაერს, გზად მოჩურჩულეს ვუსმენ ჩინარებს: _ სირცხვილი მას, ვინც ამ ჩემი მხარის ქართველობაში იეჭვიანებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი