მამალი


ქათმის საჭერად წავიწიე, მამალი გაწყრა,
აიგიზგიზა ბიბილო და აბუჯგა ბურდღა,
ვატყობდი, ჩემთვის მჭრელ ნისკარტის ჩაცემა სურდა,
შევშინდი ცოტა და იქიდან ვიკადრე გაცლა.
გამარჯვებულმა, მამაკაცურ ამაყი რიხით,
მიუკურკურა ტკბილად დედლებს, ერთსაც დააცხრა...
მერე, ნაჩხრეკში რომ წააწყდა რაღაცა მარცვალს,
ლამაზმანები ხელგაშლილად გაიხმო იქით.
გადაარჩინა ის დედალი მამალმა დაკვლას,
სტუმარმა ერთობ მოიწყინა, _ ვერ დახლეჩს ბარკალს,
მაგრამ სულ მალე, სულ სხვა ხოშით გაჩაღდა ჭამა, _
დიასახლისმა ფხალლობიით აყორა ჯამი.
სტუმარს ვუთხარი: თუმცა სონეტს მე არა ვწერდი,
ეს ლექსი-მეთქი ახლა მამალს ეკუთვნის ერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი