მამაწმინდა


ართვინიდან დავინახე
მთასოფელი _ მამაწმინდა,
აფუტებულ ოდა-სახლებს
ხან ათოვდა, ხან აწვიმდა.

ღამდებოდა ზამთრის ღამე
და ჭოროხის ჩხუბით ჩავლას
ჩავცქეროდი, თან საამოდ
ვეხვეოდი ყადირ ხალვაშს.

იქ სოფელი მამაწმინდა,
მგონი რაღაც ნაღველს მალავს,
არა მთიდან, თითქოს ციდან,
გვიცქეროდა ჩვენ _ ორ ხალვაშს.

შევცქეროდი საჯვარეთს და
ხინწკალას თუ დაბაკეთილს,
მთელ იმერხევს, საქართველოს _
თვის ასწლობით გადაკეტილს.

ამნაირი მკაცრი განცდის
სიავკარგეს ვინც გაიგებს,
ის გაიგებს ქართველ კაცის
სიმდიდრეს და სიღარიბეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი