მე არ ვიქნები შენი სტუმარი
თბილისო, მე რომ შენთან მოვედი, სიყვარულივით ვიდექ მდუმარი, მეც უნდა ვიყო შენი პოეტი, მე არ ვიქნები შენი სტუმარი. ნუ დამიძახებ სტუმარს იმიტომ, რომ უშენობა მჭირდა ასწლობით, შვილი მშობელთან ვეღარ მოვიდა, ვეღარ იცნობდა ნაცნობს ნაცნობი. მე მარადიდში დამრჩა მარჯვენა, ხიხანის ციხედ ვიყავ ქცეული და შენი სიტყვის გადასარჩენად ილეწებოდა ჩემი სხეული. რა გლოვად ვიყავ, რა დასანახი. ჭოროხს მეწამულ ფერში უვლია, საქართველოში ალბათ კალმახი მიტომ სისხლისფრად დაწინწკლულია. გამომივლია ჭირი ყოველი, ტკივილიც ვიცი, დარდის მოთმენაც, მე ჭოროხგაღმა ორი სოფელი დამრჩა ნახევარ ქართლისოდენა. ის უშენობა დედამ იტირა და შენი წიგნი ხელში ეჭირა. მე შენი მტკვარის ერთი ზვირთი ვარ, მე შენი მიწის ერთი კენჭი ვარ. მე შენი ჩანგის ერთი სიმი ვარ, და შენი ზეცის ერთი მერცხალი, მე საქართველოს დიდი სიმღერა მკერდში ჩავინთე ვით ნაკვერცხალი. თბილისო, მე რომ შენთან მოვედი, სიყვარულივით ვიდექ მდუმარი, შენი შვილი ვარ, შენი პოეტი, მე არ ვიქნები შენი სტუმარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი