მინარეთი ეგერში


მგონია, კვამლის მაღალი სვეტი
გაქვავდა-მეთქი,
ეგერში ისე ჩანს მინარეთი.

იმისი ჩრდილი მძიმე და სქელი,
როგორც ძახილი უკანასკნელი,
არავის ესმის, არავის ელის.
იქით კი, მაღალ ციხის ნანგრევში,
ძვლებზე ნალესი, ცეცხლში ნაგეში
ვიცანი ხმალი...

სწორედ იმ ხმალმა რამდენი წლის წინ
შეღება ჩემი წინაპრის სისხლით
აჭარისწყალი.

და მაინც მომწონს ეგერში მდგარი
გაქვავებული ძველი ხანძარი,
რომელსაც ხალხი ჯიუტად უვლის;
ამით ის ტკივილს გვახსენებს ყველას,
ამით ამაგრებს თავისუფლების
სურვილს და წყურვილს.

1967

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი