მუსა ბურსელი


ქ. ბურსადან (თურქეთი) ერთმა თანამემამულემ გამომიგზავნა საახალწლო ბარათი, რომელზედაც ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ხუთი ბიჭუნაა. ბარათს რომ ვკითხულობდი, ჩემი გემი "გიორგი ლეონიძე" ოკეანეში მიაპობდა ტალღებს.

1
ჩემ წინ, სურათზე ხუთი ბიჭია,
ქართულ ჩოხებში გამოწყობილი,
ცას მოწყვეტილი ხუთი ვარსკვლავი,
სისხლით შეკრული ხუთი ძმობილი.
უნდა შეხედო შენ ამ ბიჭუნებს _
რა ცეცხლს აფრქვევენ მათი თვალები,
მთის წყაროსავით მოჩქეფს ღიმილი
მხურვალე შუბლზე გადასავლებად...
ბიჭებს ხორუმით ხელგადაბმულებს
მხრებზე უწყვიათ მსხვილი მაჯები,
რა გამოხედვა, რამდენის მთქმელი,
ღირსებით, რწმენით და გამარჯვებით!

2
იმ საახალწლო ფერად ბარათში
ქართულად წერდა მუსა ბურსელი:
`ალაჰ, სიცოცხლე, შრომა, რაჰათი
ჩემს მემლექეთში ჰყავ სასურველი!
ახალო წელო, მიე გურჯისტანს
მზე, გამაგრება და გამრავლება,
ნუ დაავიწყებ, რაიც უჭირდა,
მაგრამ იდარონ მისმა თვალებმა~!

3
ბარათი, როგორც ოქროს საწმისი,
გემით წავიღე, მაღრიბს შევედი,
თებერვალ-მარტში, აპრილ-მაისშიც,
ვერ გიპასუხე, მუსა-ეფენდი.
რა ხანია, რომ ოკეანეში
არც შემხვედრია, ძმაო, ხმელეთი.
ვერ გნახე, ვეღარ მოგეალერსე,
ეს მაპატიე, მუსა-ეფენდი.
მაგრამ სურათი კაიუტაში,
არ ვიცი რატომ, თავთან დავიდე,
როგორც კი სურათს ჩავიხუტებდი,
დავამშვიდებდი ზღვაში ამინდებს.
ვიცანი _ ხუთში ერთი შენია, _
ბეჭგანიერი ბიჭი ივერი,
აფერუმ! _ ეს რა მძლედ შერჩენია
თავის ძლიერი ერის იერი.
ვერ გიპასუხე, მაგრამ სულ თვალწინ
გხედავ, _ დადიხარ შუბლნაღვლიანი,
ერთი უბრალო კოჭლი კაცი ხარ,
ბევრს კი ასწავლი მაინც სიარულს.
ვიცი, სიმღერებს მანდაც მოუვლი,
ჰანგებს ჩვენებურს მრავალხმიანებს,
ხშირად ქუჩებში ჩვენი ხორუმით
ქარიშხალივით ჩაიგრიალებ.
ხან ჩვენებურთა მიხვალ სოფლებში,
ცეკვა-სიმღერით, ჩონგურ-გიტარით
და ისე, როგორც პურს ქვრივ-ობლებში,
ჩამოატარებ წიგნს `გურჯისტანი~.

4
ივერ ბურსელი, მალხაზ შავშელი,
ვამეხ იმერი, ლომან ბურსელი
და თევრათ ტბელი, აქ ჩემ წინაშე,
დგანან ხორუმით მტრის შემმუსვრელნი.
შეჰკარ, _ შეჰკარი, შეადუღაბე,
გულებში რწმენა ამოუქარგე,
ცეკვავენ, თითქოს ხანჯლით ბურღავენ
ჩვენთან სადუშმნოდ მოსულ ნუქარდინს.
შვენის ჩალისფერ ჩოხა-ახალუხს
უძიროები, მესხურ თასმებით,
ცეკვა `განდაგან~, ცეკვა `ლაზური~.
მუხლზე დაცემით, ქუსლთა წასმებით,
წელკორწიალით, დოინჯ-გვირისტით,
მიჭრით, მიხტომით, წამოჩოქებით.
ცრემლმომგვრელია უფრო იმისთვის,
ვინაც დღე-ღამე ნატრობს მემლექეთს,
სოფლებს, რომლებიც შორზე-შორეთში
აგეს ბედკრულმა მუჰაჯირებმა,
შენი ჭკუით და მაგ შენს პოეტურ
სიტყვით მოვლა და ზრუნვა სჭირდება.

5
მუსა ბურსელო, გახსოვს უნახავ
მამიდაჩემთან როცა მიველით?
შემომცქეროდა რა გულმდუღარედ,
შემომცქეროდით შენ და ივერიც.
უპირველესთა შორის პირველი
თუ ყოფნა ჩემთვის იყო მთავარი,
მარცხნიდან მეჯდა შენი ივერი,
მარჯვნიდან მეჯდა შენი თამარი.
შენი შავთვალა მორცხვი ციცაი
მემუდარება თვალებდამბალი:
_ მე `დედაენა~ მინდა, ბიძია,
მე დავისწავლო მინდა ანბანი.
ივერი ახლა თითქოს გემში მყავს,
ფაფახქვეშიდან მიმზერს ორბივით,
შენი ბარათი მე იმად მიყვარს _
ძველი იარა ცრემლით მომბანა.
6
რასაც თქვენ იქ და ჩვენ აქ ვჩიოდით,
დღეს რატომ უნდა დარჩეს უთქმელი?!
თქვენ საქართველოს მუდამ სჭიროდით
და საქართველოს უმძიმს უთქვენოდ.
მუსა ბურსელო! შორი ოცნებით
შენთან საუბრად როდი დავჯდები,
ვგრძნობ, ერთი ლოცვით ჩვენ ვილოცებით
და ერთი ტანჯვით ჩვენ ვიტანჯებით.
მაგრამ თუ დაფრენს შავი მერცხალი,
მიჰყვება ჭოროხს, მტკვარს და ალაზანს,
არ დაგავიწყდეს, რომ შენიცაა
ეს მემლექეთი და სილამაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი