ნატვრა


გაღმიდან სარფს რომ გამოვხედე,
მომინდა მეთქვა:
მე სამშობლოდან სამშობლოს ვხედავ.

ჩემებმა მკითხეს, _ რა ჰქვიაო
ამ მთას, ამ ზეცას,
თვალში რომ გადნა?
და ვუპასუხე, _ მას ჰქვია ნატვრა.

შევედით სოფელს და იმ სოფლელთა
გადაგვრია ქართულმა მადლმა.
_ რა ჰქვია სოფელს?
ვუთხარი _ ნატვრა.
ა, ტაძარს, რომელს არ აკლია
ხვეწა და გათლა,
ხომ ხედავ ნათლად?
_ რა ჰქვია?
_ ნატვრა!

იმერხევს ხიდი,
ათასი წლის ნავალი ხიდი, _
ქვის ცისარტყელა,
გავიარე, ვით ცხადი მითი.
_ რა ჰქვია?
გაღმა ჩვენებურმა
(მთლად რომ გულია)
კაცმა, ხიდივით გამართული
თავის ქართულით
ჩამიჩურჩულა, სახელიო აკრძალულია...
მივხედე ჩემებს, _
კაცმა-მეთქი აგვიხსნა ნათლად, _
ხიდს ჰქვია _ ნატვრა.

 1989

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი