ორი სალოცავი


 ქრისტიან და მუსლიმან
                                          ქართველებს
ორი სალოცავისკენ მიმავალი ორი გზა
ჩვენთვის არც იგავია, არც თქმული აფორიზმად.
იგი ერთმანეთისკენ მიმავალი გზებია, _
ძილ-ღვიძილში ეს უნდა ვიმეოროთ ზეპირად.
ვიმეოროთ, სანამ მტერი სალოცავის ორ გზას
ჩვენი სირეგვენის გამო ჩვენივ სისხლით მორწყავს.
ორივე გზა ღმერთისკენ გზაა ერთადერთი,
უფლის გზა კი მიტომ გვინდა _ ვპოვოთ ერთმანეთი.
ძმაო, დაო, სისხლო, ხორცო, ჩვენიანო, ღვიძლო,
ერთმანეთი სულ ვაღვიძოთ, თავი ვიცნოთ, ვიგრძნოთ,
თუ ქართველი ქართველს არ სწამს, ვითა
ღმერთის რწმენა,
სხვა დაგვცინებს, დაგვამცირებს, დაგვსჯის ბედისწერაც.
გაუტანელობა ჩვენი დაგვამგვანებს სოდომს,
ამნაირ ხალხს, შეიძლება, ხალხიც არ გვიწოდონ.
ორი სალოცავისკენ მიმავალი ორი გზა
ჩვენთვის არც იგავია, არც თქმული აფორიზმად,
ისტორიის ნებაა თუ ბედკრული იღბალი, _
რელიგია ორია, ერი _ ერთი იყავი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი