რაღაც ბევრი წერს ჩვენზე და ჩვენთვის


რაღაც ბევრი წერს ჩვენზე და ჩვენთვის,
რაღაც ბევრი წუხს ჩვენი ამბავით,
ცრუ მართალს ებრძვის, ბოროტი კეთილს
და ზოგჯერ ჯაბნის მაღალს დაბალი;

მაგრამ ვით ხმას ხმა, როგორც წვეთს წვეთი,
როგორც დღევანდელ დღეს წინაპარი,
აჭარისწყალი კვლავ ჭოროხს ერთვის
და აბუჯგვია ზღვასაც ფაფარი.

ჰო, რა თქმა უნდა, ვარ აჭარელი,
ამით ქართველი უფრო ნაღდი ვარ,
რადგან მე პირველს მითხრა ანდრიამ,
ვინ იქნებოდა ჩემი მფარველი!

ვარ აჭარელი, განა მიტომ, რომ
სხვამ გზით იაროს, მე კი ბილიკით?
ან ქართველობა ვინმემ მისწოროს?
უფრო _ პირიქით.
ღმერთმა მე და შენ მიტომ შეგვყარა,
ვერ მოგვიზომონ კუთხე ქვეყანად,
სამშობლო რატომ დავიცოტავო,
ძმავ, თავი რატომ ვისაცოდავო?!

იგი ჩემია, ვიცი, ბოლომდე,
მე მას ვეძახი იმედს, მოლოდინს,
ჩემი პატრონი არის მხოლოდ ის
და მინდა, რომ მეც მას ვპატრონობდე.

ხშირად თუ სხვაზე მეტი მტკენია,
ყოფნა ადვილი თუკი არ მელის,
ვინ მომერევა, როცა ჩემია
ენა მშობელი და საყვარელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი