რჯული


  ვახტანგ გოგუაძეს
ბურსას ჯამესთან, პარასკევს,
გურჯი, მლოცველი ჯუმისა,
შემომხვდა, თავი გამაცნო, _
მე ვარ ქართველის რჯულისა.

გულზე საამოდ მეცხელა,
რაღაც უღრმესად მენიშნა,
არ მეადვილა, მეძნელა
ყოფა ენის და რწმენისა.

მაგრამ რა ვიგრძენ _ ჩვენებურს
სჭირს ჩვენივ დარდ-სინანული,
ვთქვი: ალბათ, ღმერთმა ინება, _
უნდა გადარჩეს მამული.

რა არის რჯული თუ არა
ენა, ზნე, სისხლი, ერობა,
წარღვნამ თუ გადაუარა,
რად შვენის ის, რაც შვენოდა?!

გადათელილი ათასგზის
წამებით წარსულს ვუვლიდი,
ენა ნენესი, ბაბასი,
შემინახია რჯულივით.
დაქცეულ-დახარჯული ვარ
სიტყვით, სიმღერით, ტაძრითა,
მიტომ აქ მტვერიც რჯულია
ნახვეტი ჩვენი ნაცრიდან.

დე, ეთქვას გლეხს და ფილოსოფს, _
ენა რწმენაა სულისა,
სადაც არ უნდა ვილოცო,
მე ვარ ქართველის რჯულისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი