საამდუნიო
მელნისფერ ცრემლში, ყვავილებო, კალმად გეწები, მთავ, გულზე უნდა დაგაწერო, - რომ მიწა მიყვარს. ო, გამჩენელო, შეგეხევეწები: ჯერ ნუ წამიყვან, ჯერ ნუ წამიყვან! საიმდუნიო ჯერ ვერრა ვქენ საამდუნიოს. ხომ დამტუქსავენ დიდსულები ძველმოღვაწეთა, - რა გჭირთ, რად ისმის საქართველოს ვაი-უიო. ნუ თუ ჩვენს ცრემლზე ცრემლი აწვეთდა?! რა ვუთხრა დიდსულთ, რით გავახარო, ღმერთო მაღალო?! ჯერ ნუ წამიყვან!.. ბაზალეთის ტბის ძირს აკვანმა თუ გამოზარდა კაცის მართლის გმირი ნანატრი, ხომ უნდა ვნახო, სანამ აქ ვარ მე, გმირის გმირობა ან რამ სხვა მადლი?! ჯერ ნუ წამიყვან!.. ჟამთ რა ჟანგი ჩემ თავს დაცლილა!.. ოთხმოცს გადაველ, ქრისტიანი კი სულ ცხრა წლის ვარ. სიონში სხივმა - მოგე მეო, რასაც ნატრობდი... თან დამაქვს თავზე უწმინდესის ხელის ნათბობი. სად გამაჩინე, იქ ვარ, გყავდე, - ჯერ საჭირო ვარ. მზილე მალამოდ, ჩვენებურის წამცხე ჭრილობას. დარდის შვილი ვარ. დღე ისე მიდის, რაღაცა მინდა მართლა დღე იყოს. ამერ-იმერულ ბერწ მიწებივით ჩვენში სიტყვაც ხომ ხვნა-თესვას ითხოვს. ჯერ ნუ წამიყვან. ჟამთ რა ჟანგი ჩემ თავს დაცლილა!.. ოთხმოცს გადაველ, ქრისტიანი კი სულ ცხრა წლის ვარ!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი