სამი სიმონეთი


სერგო კლდიაშვილს
მე ვიცნობ სამ სიმონეთს: პირველი სოფელი ჭოროხთანაა, მეორე _ იმერეთში, მესამე _ ბურსასთან, თურქეთში.
ჭოროხი დედაა, ნანას მიმღერის,
მე, სიმონეთი, მუდამ მასთან ვცოცხლობ,
ჩემი ამბავი ცეცხლია იმხელა,
ჰგავს სამასი წლის ჩაუმქრალ კოცონს.
ჩემი ზარი რეკავდა,
ჩემი ჯვარი ენთო,
ცა მეხურა, ვით თამარს გვირგვინი,
მომადგა მაჰმადი, გული ვერ მიენდო...
თავს უშველა მკვიდრმა ჩემმა სირბილით.
იმერეთში მიაგნო სწორედ ჩემფერ ალაგს,
ფუძე ჩადო, ნერგი ჩარგო, დაირქვა სიმონეთი,
ვინც აქ დარჩა, აზიარეს ალაჰს.
დამეკიდა მკერდს მთვარედ
ჩემივ სისხლის წვეთი,
მერე ალაჰს მე ქართულად
დავუძახე ღმერთი, _
რაღა მექნა, ჩვენებურად
ვუერთგულე რწმენას,
მაგრამ ორივ სიმონეთში
გვწამდა მხოლოდ ერთი, _
საქართველო და ქართული,
ჩემი ნენეს ენა.
მაინც შორიშორობამ ძმებს დაღი დაგვაჩინა:
ერთი მინარეთმა მიწას ისე მოგლიჯა
და ზეცაში დაჰკიდა,
ქრისტიანმა მოძმემ რომ სისხლით გადაარჩინა,
შეეშინდა, შესძახა: _ გიაურო, არ მინდა!
რამხელაა დუნია, ეს ოხერი, ტიალი,
სახლკარმიტოვებულმა, გუდანაბადაკრულმა,
მუჰაჯირმა ბედკრულმა სად არ იხეტიალა,
მაგრამ ზოგმა ერთგულმა, გაბედულმა ერთგულმა
არა, არ მიატოვა მშობელ ცისკრის ციალი.
ზოგს კი ნიადაგიდან ერთხელ უკვე ამოთხრილს
დიდხანს აღარ ეღირსა კერა, ყანა და ჭერი,
თბილი უბით დაჰქონდა ჩვენი, მართლაც სამოთხის,
ჩვენი სამემლექეთოს მიწა ერთი ნაჭერი.

ბოლოს სასოწარკვეთილს,
თურქეთს, ბურსას მახლობლად,
მოეწონა მაღლობი მწვანე ჩვენებურივით,
დადგა ფაცხა, აშენა ბაღჩა და მოსახლობა
და უბიდან ნაფშვენი მიწა თესა პურივით.
სიმონეთი დაარქვა კარ-მიდამოს უმალვე,
გული თუმც დაიამა, ტკივილები მეტია...
სული ვერ წააქციეს...
მამულს შვილნი ვუმრავლეთ, _ ერთი ვიყავ,
დღეს ქვეყნად სამი სიმონეთი ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი