სევდა მესხური
ბევრს ვხედავ ამ ბერ, მელოტ ბორცვებთან, თითქოს თავადაც მხედავს ეს ხედი, ყოვლისმომცველი, როგორც ოცნება, დაღონებული, ვით თვით მესხეთი. ამ ბრმა ციხესთან, ამ ხმელ მაღლობთან, როცა ვბრუნდები უმალ ვრწმუნდები, _ არსად მიცვნია ასე ახლობლად საუკუნენი, წლები, წუთები. არა თავისთავს, ანდა ერთ კუთხეს, არამედ სულმთლად სუნთქვას, _ სამშობლოს, მინდა რამ უფრო მთავარი ვუთხრა, ბოლოს და ბოლოს, ბოლოს და ბოლოს. გრილ ყვავილებს რომ შევახებ ხელებს, ვფიქრობ, _ თუ ბედი არ მაცლის იმდენს, მე, როგორც მტკვარი, ჟანგისფერ ხევებს ჩავეკონები და ვიდენ, ვიდენ. გულისტკივილო ჩვენო და მუდამ გულის წამალო, მხარევ მაგარო, მასვი სათუთად ისეთი თუთა, რომ აქ სირბილით ფეხი დავღალო. აქ ჩვენებურიც ჩანან ოდები, ოდებს ვეროდეს ვერ დაამხობენ, ახალმოსახლევ, მესხეთს გოდერძით მომიყვანე და დიდხანს მამყოფე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი