სიტყვა მთავარი


ძმამ მითხრა: ბევრი წელი დაიფშვნა
ისე, რომ ჩვენში მარჯვედ არავის
არ უთქვამს ის, რაც ამ სულში იშვა,
არ უთქვამს ჩემი სიტყვა მთავარი.

მე ვიცი შენი გული და ხათრი,
ვიცი, რომ გიყვარს ეს ბილიკები,
მაგრამ თუ სიტყვას ძელივით გათლი
და ჩემი ფიქრის მთქმელი იქნები,

თუ დუნიაზე უშიშრად ივლი
და მთელ ქვეყანას
(მტრების ჯინაზე)
აჩვენებ მართლად ჩემს ხალისს, ტკივილს,
სიტკბო-სიმწარეს,
ღონეს, სინაზეს,

თუ საქართველოს რამეს შემატებ
პატიოსან და ჭკვიან ლექსებით, _
წადი...
მოვუვლი თვითონ მე ამ მთებს,
ვიქნები შენი წილის მთესველიც.

თუნდა შორს იყო, დაგლოცავ ძმურად,
ოღონდ შენი რამ სიბრძნე გავიგო,
რასაც მოვიმკი, რასაც დავწურავ,
არ დაგაყვედრი _ ისე გაგიყოფ.

მაგრამ თუ ჩემი სულის საუნჯე
ქვეყნად აბნიე სიტყვით ღარიბით,
მოვალ, მოგნახავ, სადმე დაგიჭერ
და შემოგდენი მთაში ხარივით.

მითხრა, შევშინდი და მაინც წაველ,
თუმცა კი ვიცი, ეს გზა რა არი,
რამდენსაც ვამბობ, უფრო მაწვალებს
ძმის მინდობილი სიტყვა მთავარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი