ფანტელები_იეროგლიფები


ფანტელები _ იეროგლიფები
თოვს, ჩემს შუშებზე ფანტელებით იეროგლიფებს
წერს იაპონია.
დილა მთებზე ნისლებს რომ მოხევს,
მე ნახატივით დავინახავ ნაპირზე სოფელს,
დავაჯილდოვებ უცხო მზერით თოვლიან ქოხებს
საკვამურები დაართავენ ფიქრების მოხერს,
დაწვება თოვლი ამ დაღალულ გემის ბანებზე,
გამოვა ქალი და, თვალებით თითქოს დამეძებს,
თებერვლის რიჟრაჟს გვირილებად
მკერდზე მიიბნევს.
არ ვიცი ენა, _ ალბათ ისევ ღიმილებს გავცვლით.
თოვს და შუშებზე ფანტელებით იეროგლიფებს
წერს იაპონია, უკვე როგორც ნაცნობი კაცი.

                  გემი "გიორგი ლეონიძე"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი