ქარმა წაიღო


გოგი გიგაურს
გახსოვს ზაფხული? ის შორი, წყნარი,
სულ სიარული, სულ ზღვა, სულ მთები,
ეს ცხოვრებაც ხომ მგზავრობა არის,
მივდივართ, მაგრამ აღარ ვბრუნდებით.

რა ვქნა, იმ გავლილს გული ბინად აქვს, _
ზღვა ხომ ზღვა იყო, მაგრამ სხვა იყო,
თვალ და ხელს შუა დრო განიავდა,
უმისამართო და უთარიღო.
ჰო, გზაც გზა იყო, მაგრამ სხვა იყო,
თვით საკალმახე ღელის დგაფუნიც,
ეს ყველაფერი ქარმა წაიღო,
თავის ზამთრით და თავის ზაფხულით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი