შეიძლება თუ არა მუსლიმანი იყოს ქართველი
`პატივი ეცი შენს მამას და დედას, როგორც გამოგიცხადა უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დღეგრძელი იყო და კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს~ ბიბლია. ახ. აღთქმა თ. V. 16. აბზ. `ოდეს ადამიანი გაექცეს თავისს ძმასა, თავის დედ-მამასა... და თავის შვილებსა... წყვდიადმა დააბნელოს~. ყურანი. 1906 წ. ქართ. გამოცემა, გვ. 597. 1 ხანი გადის, წარსული კი თითქოს უფრო გიახლოვდება. ყოველი მოგონება სიამისმომგვრელიცაა და მწუხარების მომტანიც. შიო, მთელი ბაღნობა შუქრის სახელით რომ გამოირბინა. შეძველებულ თავის `გაზიკს~ საჭეში ჩაბღაუჭებოდა. მრეში, დაღრეკილი გზა ბორბლებქვეშ ისევე მირბოდა უკან, როგორც განვლილი წლები. მიეჩვია ამ გზას თვალიც, გონებაც, თვით მანქანაც, მაგრამ ყოველი ავლა-ჩამოვლისას აქაურობაში ყოველთვის რაღაც ახალი მაინც გამოჩნდებოდა თითქოს. რა იყო ეს სახლი? _ ხე, ყვავილი, ქვა, ნალია, წინათ ბევრჯერ დანახული სახლი და ეზოც კი. ეგონა, რომ ამ სიახლეთა ხილვის, აღქმის, განცდის და ამით კეთილგანწყობის უნარი მას უფრო მძაფრი გააჩნდა, ვიდრე სხვა ვინმეს. მაგრამ ახლა ისე მიდიოდა, სულ არ აკვირდებოდა ირგვლივ არაფერს. მთლიანად მოგონებაში იყო. ისე ავიდა თავის სოფელში, ისე მოითავა იქაური საქმენი, ისე მოინახულა მეზობლები და უკან გამოემგზავრა, სულ იქ იყო, _ მოგონებაში. სამოცდაათის აპრილი ილეოდა. ტურისტული ჯგუფი სტამბოლიდან იზმითში, იქიდან კი _ ბურსაში ჩაიყვანეს. უკანასკნელი, თითქმის, სამოცი წლის მანძილზე ესენი პირველნი იყვნენ საქართველოდან. დღეს მგონი ყველა მიდი-მოდის, ვეღარაფერს გაარჩევ, ვინ _ ვისთან, ვინ _ რაზე. ამბობენ, სარფიდან სამსუნამდე, გზებზე, ყველგან გამოფენილან ჩვენებურები, ძველ-ძველებს თუ დაცარიელებული ჩვენი დუქნებიდან დატაცებულ ჩაქუჩ-ნამგლებს, ცელებს, ლურსმან-ჭანჭიკსაც კი ჰყიდიან. ჩაქუჩ-ნამგალი!.. ყველაფერს ხათრით და თანაგრძნობით ყოდულობენ ჩვენებურთაგან, მაგრამ აი, ეს ჩაქუჩი და ნამგალი, ერთად დაწყობილი თუ დაინახეს, გარბიან, არ უნდათ. ან იქნებ კიდეც ეშინიათ აი ამ `ჩაქუჩ-ნამგლისა~? რაც ჩვენ მაგ ჩაქუჩ-ნამგლის ხატვამ დაგვმართა... ალბათ დოლარის თუ ლირის მოძევის ჟინი ბოგინობს მხოლოდ თორემ, ეტყობა, არავის აღარავინ ენატრება. მაშინ კი სხვა სევდა ებურა თურქეთში ჩვენს პირველ ყოფნას, _ ფიქრობდა შიო. ბურსას სასტუმროსთან იქაური ქართველები დახვდათ. გურჯისტანიდან ჩამოსულანო გაეგოთ და შესახვედრად მოსულიყვნენ. მუჰაჯირთა შთამომავალნი, კარგი, დარჩეული ბიჭები ჩანდნენ, იღიმოდნენ, ღელავდნენ, ტიროდნენ. გადი, თურქი მაჰმუდი, გვერდით გამდგარი, გაკვირვებული, დაფიქრებული შესცქეროდა, უსმენდა გადარეული ქართველების იმ გაუგებარ ხვევნა-ქვითინს და სიგარას სიგარაზე აბოლებდა. იგი ხმელ-ხმელი, ჩია ბიჭი იყო. ოდნავ ჩაშავებულ-ჩაყვითლებულ თვალთა უპეებში ამოუხსნელი, რაღაცნაირი გაოცების შუქ-ჩრდილი უთამაშებდა. იგი ინგლისურად ელაპარაკებოდი თურქეთში ჩასულ ქართველთა მოსკოველ მხლებელ-ჯგუფხელს, ივან ვასილიჩს, რომელიც მერე, რუსულად უხსნიდა ჯგუფის მძღოლს, თბილისელ გურამს, ეს უკანასკნელი კი, მაჰმუდისა და ივან ვასილიჩის გამონათქვამს დანარჩენებს, ბოლოს და ბოლოს, ქართულად გადასცემდა. იმ სამსართულიან თარგმანებში, რუსი და თურქი რომ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ყოველ ნათქვამს თავთავისი იდუმალი დაინტერესებით და შეხედულებებით ახარისხებდნენ, დასაცოდავებულ-დაჩაგრული ქართული სიტყვა, შიშით, მალული ჩურჩულით თუ მოწყდებოდა აფორიაქებულ ბაგეებს და მდუღარე ამბორებში, თვალებიდან წამსკდარ კურთხალთან ერთად, გულ-მკერდსა და ხელებს ღაპაღუპით ეწვეთებოდა. შიოს თავადაც შეეძლო ცოტ-ცოტა თავისი თურქულითაც მიეხვედრებინა მაჰმუდისათვის, მაგრამ როგორც კი ამისთანა რამის წამოწყებას მოსინჯავდა, ივან ვასილიჩი, თითქოს განგებ რამეს შენიშნავდა, იმავ წამს თავის სიტყვას შუაში ჩადებდა, სათქმელს თავად წაართმევდა. საუბარს თავად წაუძღვებოდა, რათა ქართველის პირისპირ ლაპარაკი თურქთან შეწყვეტილიყო. შიო თვის ნაჯახირევ თურქულს მართლაც იქვე მიაწყვეტდა. მაჰმუდიც მაშინვე ინგლისურზე გადადიოდა, რომ ჭირვეულ-შეშფოთებულ-დაეჭვებული ივან ვასილიჩი დაემშვიდებინა და იწყებოდა ისევ ყველაფერი თავიდან: ქართულად ნაფიქრ-ნააზრევი რუსულად გამოითქმებოდა, რომ ივან ვასილიჩს გაეგო, მერე, რუსულიდან ინგლისურად გადაღებული ქართული სათქმელი თურქს ჩაბარდებოდა, რათა მას ქართველებისათვის გადასაცემად რუსისთვის დაებრუნებინა. საქართველოდან ჩამოსულები თვალებს ირგვლივ აცეცებდნენ და ჩოჩქოლით რაღაცაზე ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, იქაურ ქართველებს, ესე იგი, დამხვდურთ, ვერ გაეგოთ რა ხდებოდა. არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. გავიმეოროთ: საქართველოს ქართველები თითქოს უფრთხოდნენ მუჰაჯირ ქართველთაგან ქართულად გამოთქმული სიტყვის პირდაპირ მოსმენას და ქართულადვე პასუხის გაცემას, რათა რუსი არ დაეჭვებულიყო, რაზე საუბრობენ თურქეთელი ქართველეობი. უფრთხოდნენ თურქ მაჰმუდსაც, რათა არც მას აღძროდა ეჭვი და უნდობლობა თავის ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებისადმი. შიომ დამხვდურ, იქაურ ქართველებს რომ თვალი მოავლო და გამოელაპარაკა, მხრებში აიწია, ათასწუხილიან მიზეზთა გამო ისინი ხომ უფრო მისთვის, ახლობელ-თავისიანები არიან? რა მშვენივრად შეუნახავთ ქართველობის ნიშნები, რა ძარღვიან-რიხიანად, ძველქართულად, ჩვენებურად ამბობენ სათქმელს? თავისი უცნობ-უნახავი ბიძაშვილები მოაგონდა. მთელი სიცოცხლე მალავდა მათს არსებობას. ერთხელ მხოლოდ, ომის შემდგომ, კომუნისტურ პარტიაში რომ ღებულობდნენ, ანკეტაში თავისი სოფლური გულუბრყვილობითა და შიშით, _ ვაითუ მერე გამიხსენო, კითხვაზე, გყავთ თუ არა ვინმე ნათესავთაგანი საზღვარგარეთო, შიომ ჩაწერა _ `კი, ბიძაშვილები~. ოდნავ ახსოვდა, ჩუმ-ჩუმად მამისაგან გამჟღავნებულ-გამონაგონი, რომ თურმე ოდესღაც, მუჰაჯირობისას, მამის უმცროსი ძმა, ოსმანი, მიმავალთ აჰყოლია და თან გაჰყოლია შორეულ თურქეთში. ვითომ მალე უკან უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ გზები ჩაკეტილა და თავადაც იქ ჩარჩენილა. წუხილით, დარდით, ნატვრით და ძრწოლით მოიგონებდა შიოს მამა ყოველივე ამას კერიასთან. გვილებს კიდევაც უმალავდა, მაგრამ შიომ მაინც დაიმახსოვრა. ის ბიძა თურქეთში დაკაცებული, დაოჯახებული, გაჩენია შვილები... არიან, ალბათ, სადღაც. ვინ იცის... რაიკომის ბიუროზე, პარტიაში მიღებისას, ვიღაც რაიკომელი შიოს პირადობის ანკეტას ხმააწეული და მრისხანედ კითხულობდა. მიადგა კითხვას _ გყავთ ვინმე უცხოეთში? _ და პასუხი კიდევ უფრო ხაზგასმული რიხით წაიკითხა, რომ მდივნისა და უშიშროების რაიგანყოფილების უფროსის ყურადღება მიექცია. _ რაო?! _ შენიშნა პირველმა მდივანმა _ ბიძაშვილები? რომელ უცხოეთში, თურქეთში?! _ კედელზე აკრულმა შიომ შიშით დაუქნია თავი, მთელი ბიურო გაირინდა. მაშინ უცებ, წამოდგა რაიმილიციის უფროსი დაუდ ასამბაძე, თითებით დინჯად გადაივარცხნა ულვაშები, ჯავრით გადახედა კუთხეში მიჭუჭკულ შიოს და განაცხადა: _ რას ებლაყუნები, ჭო, შენ, არ ვიცი, აფხანაკებო, არავითარი ბიძაშვილები მაგას თურქეთში არ ყავს. ხებერი არ აქვს მაგას. შიო პარტიაში მიიღეს. მაშინ გადარჩა, მაგრამ ახლა გული ბიძაშვილებზე ფიქრმა რომ დაუჭვანკა? რა ჰქნას? გაამჟღავნოს თუ არა ეს თავისი საჩუმჩუმათოდ აჩხუბული დარდები? არა, ალბათ, ჯერ ჯობია მოითმინოს. დამხვდურნი, ანუ `სულიმანი ქართველეი~ ერთი, სრულიად შეუმჩნეველი, ხმელ-ხმელი და, მოძრაობაზე ეტყობოდა ოდნავ კოჭლი, თავისიანი ბიჭისკენ იყვნენ მიპრობილნი. ის კაცი ორმოცს გადაცილებული იქნებოდა, ყველაე ნაკლებს ლაპარაკობდა, მხოლოდ ცქვიტი, შავ-შავი, დიდრონ-დიდრონი, ოდნავ თითქოს სველი თვალების ჩქარ-ჩქარი გადაელვებით გათქვამდა თავისთავს, ხმას არ იღებდა, თუმცა იმ თავისი თვალებით მეტს ამჟღავნებდა, მეტს ამბობდა. საქართველოდან ჩამოსულ ქართველებს რაღაცნაირი გამომცდელი, ბევრისმომთხოვნელი თუ ბევრის მომლოდინე მზერით ათვალიერებდა, მის გაცრეცილ ტუჩებზე გადმოფენილი მეჩხერი ულვაშების სადა მოხაზულობაში შიომ რაღაც ქართული შეიცნო და ესეც ძალიან ესიამოვნა. ერთი იქაური ჩვენებური უცებ შიოს მიუახლოვდა, ყურთან დაიხარა და ჩვენებურადვე, ხმადაბლა უთხრა: _ მაი, ძიავ, ჩვენი მუსა ბურსელია, _ და სწორედ იმ ჩუმად მდგომ ბიჭისკენ მიუთითა, ვისაც ბოლო წუთს მართლაც გამორჩევით აკვირდებოდა შიო. ~მუსა ბურსელია~... ვითომ რაო, რით ან რატომ შეიძლებოდა ეს სახელი თავიდანვე სცოდნოდა შიოს? მომაღლო შუბლი, ზემოდან რომ დაუვარცხნელი, საკმაოდ სქელი და გრძელი, უკან გადაყრილი, ალაგ ჭაღარიანი წაბლისფერი თმები დაბუროდა, თითქოს უფრო ასევდიანებდა მის მკრთალ, დაძაბულ სახეს. ნერვიული ღელვისაგან საფეთქლებზე, აღმა ამავალი დაკლაკნილი ძარღვები, ორივე მხარეს, ამობურცულიყვნენ, გეგონებოდა ცალ-ცალკე სუნთქავდნენ, _ ოდნავი სიმორცხვისა და მოკრძალების შუქი მთელ მის შეხედულებას თუ ყოველ გამოხედვას ნდობას, სისპეტაკეს და რაღაცნაირი ტანჯვაშერეული სერიოზულობის ელფერს ანიჭებდა. ყველაფერ ამას კი ყველაზე დაინტერესებულად, ფხიზლად, ალბათ, შიო შავაძე ამჩნევდა. იგი ხომ ერთადერთი იყო ქართველ ლიტერატორთა, ანდა ვთქვათ, გულგახსნილად, _ თურქეთში პირველად ჩასულ ქართველ მწერალთა შორის, ერთადერთი არათბილისელი, ერთადერთი არაქრისტიანულ ქართულ ოჯახში აღზრდილი ლიტერატურის კაცი, და, იგი, როგორც `სამუსლიმანო საქართველოს~ ღვიძლი შვილი, აი, ახლა, აქ, ბურსა-იზმით _ იზნიქელებთან დარწმუნდა თუ როგორი განსხვავებული, განსაკუთრებული სიმწვავით და სიმძლავრით განიცდის აქ, ქართული ენის შვილ მუსლიმან მოძმეებთან, ამ პირველ შეხვედრას. მას შიგნიდან, გულის ძარღვ-ფესვებიდან, სისხლის მდუღარე ლანქერებიდან მოხეთქილ-მომსკდარი ნიაღვარები ეჯახებოდნენ თითქოს და იგი სულში თუ სხეულში ასიარულებულ ქარაშოტებისაგან ნელა ტორტმანობდა, შიო ყვედაზე მეტი სისხლხორცეულობით და კიდევ რაღაც სხვა უსახელო, ამოუხსნელი გრძნობებით განიცდიდა, ამდენი ხნის დაკარგულ, უნახავ, უცნობ თანამოძმეებთან შეხვედრას; იმ, მთლად მუსლიმანურ სამყაროში გაჩენილ-აღზრდილ ქართველთა ყოველ გამოხედვაში, ყოველ ნათქვამ სიტყვაში, აზრში, ფიქრში, თვით უბრალო გაღიმებაში თუ იმათ შუბლებზე გადარჩენილ სევდა-სიხარულთა ანარეკლებში, შიო უმწვავესი წვით თავის საკუთარ გულის და გონის გამოძახილებს იჭერდა. ისინი, იქ შეხვედრილი, იქ პირველად დანახული მუსლიმანი ქართველები არა მარტო ნათესავ-ახლობლებად, არამედ თითქოს საკუთარ `მე~-დ მიაჩნდა, ამიტომ, იგი თვითონ ნაკლებად ლაპარაკობდა. თავისი დუმილით იგი თითქოს ცდილობდა მეტი საშუალება მიეცა იქ მოგროვილ თურქეთელ ქართველთათვის, რაც შეიძლება სრულად გამოეჩინათ თავიანთ სულსა და გულებში ჩაფესვილ-ჩარჩენილ-გადარჩენილი ეროვნული, ჩვენებური, ქართული სიცოცხლის ნიშან-თვისებანი; ამით ხომ თვით შიო შავაძეც გინდა ახლა, აგერ, ბურსაში მყოფ თავისივე ქართველ თანამოკალმეთა თვალში და, მერე, თავისსავე საქართველოშიც ხომ უფრო ნაღდ, უფრო ჭეშმარიტ, უფრო ძლიერ ერისშვილ-მამულიშვილად იქნებოდა მიღებული? არა, მას არასოდეს უგრძვნია, აშკარად არასოდეს განუცდია ასეთი ეჭვიანი, უნდობელი დამოკიდებულება, პირიქით, თბილისში იგი მუდამ გამორჩეული სითბოთი და მოფერებით ჰყავდათ მიღებული, რადგანაც იგი, თავისი ტირილგარეული სტრიქონებით, ყოველთვის ძალით გამუსლიმანებული და ამის გამო ძირეულ-საქრისტიანო საქართველოსგან არა მარტო ფიზიკურ-გეოგრაფიულად, არამედ ზოგთა-ზოგთა ჭკუით, თითქოს სულიერადაც გაცალკევებული ქართველ-მუსლიმანთა შორის ეროვნული გაუტეხლობის თვისებებს და დედაენის გადარჩენის საოცარ სინამდვილეებს აქებ-ადიდებდა. მაგრამ იყო მაინც ხანდახან შებურულ-შემალული რაღაც ყოველივე ამაში, სხვადასხვა სარწმუნოების ქართველთა ქართველობაში, რაიცა ზოგჯერ აქა-იქ მწარედ, ტკივილის მომგვრელად იჩენდა ხოლმე თავს. იქ მალულ ტკივილებს და საუკუნო ჭრილობებს, სულსა და გულს, უებარ მალამოდ ეფინებოდა ბურსაში შეხვედრილ ქართველთა, მართლაც ღვთაებრივი გამოცხადება, განსაკუთრებით მათი წარმოთქმული თითოეული გადარჩენილი ქართული სიტყვა! შიო უფრო თბილისელ თანმხლებთ აკვირდებოდა, ვიდრე იქ დახვედრილ თანამემამულეებს, _ სურდა გაეგო როგორი შთაბეჭდილებები, რა კვალი რჩებოდა საქართველოდან ჩასულთა სახეებზე. თავად ნაკლებად აქტიურობდა, მაგრამ ისე აკვირდებოდა შიო ყველაფერს და ისე თავისთავად ამახსოვრდებოდა ყველაფერი, უფრო და უფრო აშკარად გრძნობდა, რომ ოდესმე, ყოველივე ამას ძალიან მართლაღ აღწერდა. სხვანაირად ცოდვა იქნებოდა... ისე აღწერდა, არც მაჰმუდს და არც ივან ვასილიჩს არ აწყენინებდა, მაჰმუდის ან ივან ვასილიჩის განაწყენება, თურქისა და რუსის განაწყენება, როგორც ყოველთვის, ახლაც ძვირად დაუჯდებოდა ქართველებს. საოცარი ის იყო, რომ საქართველოდან ჩასულნი უფრო ფრთხილობდნენ, რათა იქაურ მუსლიმან ქართველთა გამომჟღავნებულ `ნამეტან ქართველობას~ ზდმეტად არ გაეღიზიანებია თურქი მასპინძლები, რომ ეს ყველაფერი მერე, იქ მცხოვრებ უამრავ ქართველთათვის, ახალ საბედისწერო უბედურებათა მიზეზად არ ქცეულიყო. ისინი კი, ქართული გულების შემაფორიაქებელი, ეგრეთწოდებული მუსლიმანი, მაგრამ გადასარევი ქართველები, თითქოს უფრო ხმამაღლა, უფრო აშკარად, ყველას გასაგონად, ყველასგან მოურიდებლად, უშიშრად და, თითქოს გამომწვევადაც, ლაღად, საზეიმოდ იმეორებდნენ: _ ჩვენ აბა რაი, აბა, _ ქართველი ვართ, ჰო. _ ისე როგორა ხართ? _ მაინც დაბეჯითებით ეკითხებოდა პოეტი იოსები და კმაყოფილი, ბედნიერებით გავსებულ თვალებს უნელებელი ინტერესით ავლებდა ასე მოულოდნელად აღმოჩენილ, უცნობ, უნახავ ქართველებს. _ ჰა? ჩვენ? კაი ვართ, კაი ვართ! _ წინ გაჭრილი ბერიკაცი, შავი ბერეტით, მოკლედ შეკრეჭილი წვერ-ულვაშით, ფიცხლად შეეპასუხა `მემლექეთელ პოეტს~. `კაი ვართ~, ესე იგი, კარგად ვართო, ამტკიცებდა ის კაფანდარა მოხუცი და ბაგეებს ხელის გულით ისრესდა და თავისთვის ჩურჩულებდა: -ალლაჰ, ალლაჰ, გეხვეწები, იმფრათ ნუ მომიკლავ, ერთი თვალით არ დამანახვო გურჯისტანი. _ ჩემი ნენე-ბაბავათანი, საქართველო... რადგან პოეტი იოსები, სხვათაგან გამორჩეულად, სულ სხვანაირად იყო ანთებული და ღელვას ვერ იოკებდა, ბერეტიანი მოხუცი სწორედ მას მიადგა. _ ეფენდი, მე მოლა ვარ, მოლა. ჰამა მაგარი ქართველი ვარ, ესნა იცოდეთ მემლექეთელმა ქართველებმა. აქ, ისტამბულში, ერთი ქართული კათოლიკების ქილისაა (ეკლესია), იქაც ვიარები; მღვდელი იაკობაი მყავს იბრეთი (გადასარევი) ძმაკაცი და, ე, იმასთან ვლოცვილობ. ე, ის იაკობაი მღდელი რომაა, მე და ის ერთად ვლოცვილობთ იმ ქილისაში ქართულად. არ ვიცოდი, ასე გემრიელი თუ იყო და თუ ამფრათ იქნებოდა ქართულაი ლოცვაი! სიტყვები ვითამ ხაოიანია, _ ჭიბოშანივით მფხანს გულს. იოსები ბავშვივით მოხიბლული და ახალაღმოჩენილი სიხარულით გაბედნიერებული, ღიმილს ირგვლივ უხვად აპნევდა, თან იმ კაფანდარა მოხუც მოლას მკერდზე იხუტებდა. პოეტი კარლო აქამდე მძიმედ გამდგარიყო მოშორებულზე, მაგრამ ამ სეირ მოლას გამოჩენამ მოსვენება დაუფრთხო. წრე გასწი-გამოსწია, ხელები წინ გაიშვირა, თავისი ფართო გულ-მკერდი მოხუცს მიუშვირა და ჩასახვევად გამზადებულმა თქვა: _ ქართველი და მოლა?! ეს გადასარევია, კაცო! _ რაი, ეფენდი? აბა, არ შეიძლება მუსლიმანი იყოს ქართველი? _ მიასკდა მოლა კარლოს და, ეტყობოდა, ისე მოეწონა განიერი მკერდი, მსხვილი ბეჭელი, ისე გაუნათა თვალები პოეტის იმოდენა პირისახიდან ლანქერივით გადმოღვრილმა ღიმილ-სიცილმა, ვეღარ მოითმინა და არა ლოყაზე, არამედ პირდაპირ გულ-მკერდზე ემთხვია. შიო თვალშესველებული შესცქეროდა ამ სურათს. კარლო-პოეტი სიცილის კაცი იყო მუდამ, თავს რა ოჯახური უბედურებები არ გადახდენია, მაგრამ არც შიოს, არც ალბათ სხვას, კარლოს სახეზე კაეშანი, თვალებში კი ცრემლი არასოდეს შეუნიშნავთ, ახლა, აქ ბურსაში კარლო-პოეტი გაცინეული ტიროდა. თან მოლას ეხვეოდა, თან ამ დროს, თავის ყოვლისმომრევ სიცილს უცებ იკავებდა, გრანდიოზულ მუცელ-ფერდებზე ხელისგულებს იტყაპუნებდა და თითქოს არა მარტო მოლას, არამედ მთელი თურქეთის გასაგონად, მთელი სერიოზულობით საზეიმოდ ამობდა: -ა, შემხედეთ, ნახეთ, როგორ ვცხოვრობ სოციალიზმში! მერე ისევ თვითონვე ხმამაღლა და მხიარულად გადაიხარხარებდა. კარლოს აპატიებდნენ `კაგებელები~, მაგრამ დანარჩენი საბჭოელი ქართველები ასეთ დროს მოწოლილ გულღია სიცილსაც კი მალავდნენ. უცებ ქართველი მოლა ჩამოსულ განათლებულ თანამემამულეებს მიუბრუნდა: _ ამდენი პოეტები ხართ, ჰოდა, ყურანი ქართულად თარჯიმი (თარგმანი), რომ ქნათ რა იქნება? მოით, ქენით ეს მადლი და ვამუშავოთ ისლამი საქართველოსთვის, ჰა? რას მეტყვით ახლა ამაზე, ჰა? _ ქოთქოთებდა ბერეტიანი ჩია ბერიკაცი. პასუხი არავის გაუცია. მუსა ბურსელი საერთოდ არ ჩართულს საუბარში. იგი, ჩაფიქრებული და ჩუმი, ჯერჯერობით ცალკე გამდგარიყო, შორიდან აკვირდებოდა ყველაფერს, თურქი მაჰმუდი და რუსი ივან ვასილიჩი თავ-თავის ქაღალდებში სახვალიო ტურისტულ გეგმებს ჩხაპნიდნენ და კიდევ რაღაც-რაღაცებზე, უკვე დაძმაკაცებულებივით, მუსაიფობდნენ. რუსის და თურქის ასე გამოცალკევებული მუსაიფი რომ შენიშნა, მუსა აილეწ-აიბურდა. ადგილზე ვერ გაჩერდა, ხან შიოს მიადგა, ხან სხვას ცდილობდა მაჰმუდის და ივან ვასილიჩის საუბრისათვის თავისი შფოთიანი გავლა-გამოვლით ხელი შეეშალა ან ყური მაინც მოეკრა, თუ რაზე საუბრობდნენ თურქი და რუსი ასე გატაცებით. _ ბატონებო, ერთინა გთხოვოთ, შეიძლება? _ მორცხვად განაცხადა მუსამ. _ აგერ ახლოსაა აქაური ქართული სოფელი და უნდა განახვოთ. ახლავენაი ამფერი თხოვნა გვაქვან, _ აზლავეაინა, დაღამებდინა წევდოთ იქა. ნუ გვეტყვით ვარს. სულ, მარტო ჩვენებურები ვართ იქანაი (შიომ შენიშნა, რომ თურქეთელი ქართველები ლაპარაკში `იქანა-აქანას~ მხოლოდ მიტომ ხმარობდნენ, რომ ქართულის უკეთესი ცოდნა დაედასტურებინათ). -წევდოთ, წევდოთ! გაიმეორა ზუსტად მუსასებურად კარლო-პოეტმა და თავისებურად გადაიკისკისა. შიო დამხვდურთა შორის თითქოს უფრო გაშინაურებულიყო, იმათ მასპინძლურ ფაციფუცში თავადაც უნებურად ჩაერთო. ოდნავ შეწუხებული, ხან მუსას ხან სხვებს, ეკითხებოდა, ამდენ სტუმარს, მერე ასეთ სტუმრებს, ვინ დახვდება იმ თქვენს სოფელში. ვინმე გაფრთხილებულია თუ ისე გავივლით და წამოვალთო. უნდოდა შიოს იმათთვის როგორმე მიენიშნებინა, რომ ამხელა გზაგამოვლილ სტუმრებს, ისიც მწერლებს, სოფელში რომ მიიყვან, ალბათ, სადღაც პატარა სუფრული ჩამოჯდომაც აუცილებელი შეიქნება, მაგრამ თქმით ვეღარ თქვა ამაზე. მიიწ-მოიწიენ, მანქანები მონახეს, საჩქაროდ ბარგი ჰოტელის ფოიეში შეზიდეს. დამხვდურთ ვიღაც ახალმოსულნი მიემატნენ. იქ, გვერდით ჩოჩქოლი, ჩურჩული ატყდა, რაც მალე ხმამაღალ ლაპარაკში გადაიზარდა. ეს კაცი შიო შავაძეს კითხულობსო, ვიღაცამ წამოიძადა. ისიც ძველი შავაძეაო. შიო ყველას გამოეყო და გულის ბაგაბუგით იმ ახალმოსულს მიადგა. _ შენ ხარ, ჭო?.. _ ჰკითხა იმ ახალმოსულმა შიოს., ღელვისაგან მოოფლილ შუბლზე და მოწაბლისფერო ქოჩორზე ხელი გადაისვა, _ მე შენი ემიაშვილი (ბიძაშვილი ვარ, აბა, აქავრ გაზეთში წაგიკითხეთ, გურჯისტანიდან მოსულანო მწერლებიო და იქა, ვინცხაი შავაძეც არიო და... ვთქვით, ვინ იქნება, ჰელბეთ ემიაშვილიაო და წამევედით, სულ ისტამბულიდან დეგედევნეთ და, აჰა, ძვილაი დაგეწიეთ. თუნდა არ იყო ხისიმი (ნათესავი) და არ იყო ემიაშვილი, მაინც ჩემი ხარ, იქაური, მემლექეთიდან მოსული, ყველაი ჩემი ხომაა-მეთქი, ვთქვი და მოგდიე. შიომ ენაც ვეღარ მოიბრუნა, მოკიდა ხელი მოულოდნელად გამოცხადებულ თავის ბიძაშვილს და გულზე მიიკრა. ეს იყო უფრო მუქწითელქოჩორა კაცი, უფრო თეთრკანიანი, ვიდრე შიო. თვალებიც არა შიოსავით შავი, არამედ ცისფერი ჰქონდა. ალბათ გადამწყვეტი როლი დედის მხარემ შეასრულა ახმედის სახის, სხეულისა და თვალების ფერების განაწილებაში თორემ, _ ფიქრობდა გიო, _ ჩვენს გვარში ასეთ მოწითალ-მოცისფროს ვერავის აღმოაჩენ. ახმედს ქალაიშვილი და ბიჭიშვილი თან წამოეყვანა, _ დაგანახვონა ნამდვილ საქართველოს ქართველები, თანაც ჩვენ ჯილაგისაო და წამოეყვანა. გოგონას თავ-პირი თითქმის ახვეული ჰქონდა, მაგრამ, როგორც კი სტუმრებთან მიიყვანეს, ყელში გასკვნილი თაფლისფერი, იაზმის ნაწიბურები ჩახსნა, უკან გადაიყარა და კრძალვა-მღელვარებით აკვაშილებული პირისახე შიოს შეანათა. ბიჭიშვილიც მოეხუტა მამის უცნობ ბიძაშვილს. _ სწავლობენ? _ ჰკითხა ჩვეულებრივად შიომ ახმედს შვილებზე. _ ქართული იციან? _ ოო! აბა, იციან, სტავლაზე რომ წევდენ, მაშინ შვილი წლის იყვნენ და ჯერ თურქული კარქათ არ იცოდენ და მასტავლებელი გაგვიჯავრდა, რაფერნა ვასტავლო ამფერ ბაღვებსო... ჰოდა, ამფერიც გვჭირიან აქავრებს, შინ ყველაი ქართულს ვლაპარაკობთ და... ისე, ჩემო ემიაშვილო, შიოვ, ახლანა ჩემთან წამოხვიდენა, ჰო? _ შეემუდარა, შიომ ყურები შეისრისა, თანამგზავრებს გადახედა, ნაწილი მანქანებში სხდებოდა, ნაწილი სასტუმროს ჰოლიდან გამოდიოდა, რათა მიმავალთ შეერთებოდა. მუსა კი აქ იდგა, შოთას გვერდით, არ სცილდებოდა. -პროგრამა ჩვენი ისეთია, რომ არ გამომიშვებენ, ხვალ დილაზე იზმირში გამგზავრებაა, მერე _ ანკარა, ბოლოს ისევ სტამბული და, _ შინ. რა ვიცი, რა ვქნათ,_ უხსნიდა ახმედს და ხელებს გაურკვევლობის გამოსახატავად წაღმა-უკუღმა პარჭკლიდა შიო. მუსამ უთხრა, ჩემთან წამოდითო, ემიაშვილებმა პაწა-პაწა ვისაყვარლოთ ერთიმეორე იქაო. ესენი დანარჩენები, წავლენ ჩვენებურ სოფელში და, ბოლოს, საღამოს, ყველაი ერთად შევიყრებითო. გზად ნაცნობ ფოტოგრაფთან შეიარა მუსამ, თხოვა, გადაუღე სურათი ამათ, უნახავ ბიძაშვილებსო. თავადვე გადაიხადა, თანაც ფოტოგრაფი საღამოსთვის შინ, თავისთან დაიბარა. _ დანარჩენ მემლექეთლებიც მოვლენ და სურათები ერთად გვინდაო. დადგა ახმეტი შიოს გვერდით, ხელი გადახვია, ლოყაც ლოყაზე მიადო, აქეთ-იქიდან თავისი შვილები ამოუყენა. ესმოდა შიოს თურქეთელი ბიძაშვილების სუნთქვა, გულის დანგადუნგი, გრძნობდა მისი მხურვალე ხელის სიმძიმეს მხარზე, მისი ლოყის სიმხურვალეს. ახმედის შვილები აქეთ-იქიდან მოხვეულები, გარინდებულნი, იმზირებოდნენ წინ, სივრცეში და, სადღაც, გაურკვევლობის ფსკერზე, თითქოს ერთად იკრიბებოდა მათი თვალების წინწკლები, რათა იქ, მომავლის ბინდებში, დიდი იმედის ცეცხლი მონთებულიყო. ისევ მოაგონდა შიოს ომის მერმენდელი, ორმოცდახუთის შემოდგომა, რაიკომი... ეჰ ქართველობა ბედნიერებაცაა და უბედურებაც. მუჰამედის სარწმუნოებავ... რაც ამნაირმა იღბალმა დაგვმართა, ვერავითარი იმპერია-დამპყრობელი მაგას ვერ დაგვმართებდა, ვინ არიან ახლა ეს ჩემი ბიძაშვილები, ვინა ვარ მე. ვინაა პოეტი იოსები, კარლო, ნოდარი, ბესო, სხვები და სხვები? რატომ არ სჯერათ მავანთ და მავანთ, რომ ყველანი ჩვენ ქართველები ვართ? ანდა თვით ჩვენ ყველას ეს გვჯერა? რა გვეშველება? რა იქნება? 2 პირველი სართულის ოთახიდან ხის ყავისფერი ვიწრო და კრაჭუნა კიბე მეორე სართულის ოთახში ადიოდა, აი, ეს ორი ოთახი, ერთი პირველზე, მეორე _ მეორეე, იყო მუსას მთელი ბინა. შიომ კედლებზე თვალი მოავლო. ერთი ვითომ ნაცნობი, მაგრამ მაინც უცნობი კაცის პორტრეტი საგანგებოდ, შუა კედელზე ჩანდა. წვერ-ულვაშიანი, ევროპულად გამოწყობილი და, ეტყობოდა, ქართველი. მუსა მეორე სართულის ოთახიდან ისევ კრაჭუნით ჩამოდიოდა კიბეზე. -ხომ იცანით, საქართველოს პრეზიდენტი? _ შუაკიბიდან დაეკითხა გიოს. ვაი, სირცხვილო! იტკიცა ხელი თავში შიომ. ნოე ჟორდანია ვერ მიცვნია? თურქეთში ქართველი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს უვლის, ინახავს, პატივით ექცევა, ჩვენ კი, საქართველოს ქართველებს, ცოდვად კი არა, დანაშაულად გვითვლიან თუ, უბრალოდ, სერიოზული კაცები ვუწოდოთ ნოეს და მისი მაშინდელი მთავრობის შემადგენლობაში მყოფთ. _ იცით, მე ძალიან სიმბოლურად მივიღე, რომ მაშინდელი საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია ბათუმში გამოცხადდა. ჰოდა ბათუმში დამტკიცდა. რა ჭკვიანად შემდგარი კანონია, რაფერ ღრმადაა ყოლიფერი დანახულ-აწონილ-განჭვრეტილი, მაგფერი გვინდა, ე, მაგფერი გვინდა, როიცხა, როიცხა, ალაჰილან (ღმერთით), ჩვენი საქართველო ისევ გახდება სახელმწიფო... _ ოდნავ შეისვენა, იქაურობა მიმოათვალიერა და, როცა დარწმუნდა, რომ შიოს მეტი არავინ უსმენდა, იმავე ჟინით გააგრძელა: _ თქვენ, იქ, ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველები ერთიმეორესთან კაქათ ვერ ხართ? _ ეს კითხვა რაღაცას ბურუსით მოცულს და შეუმჩნეველს, მაგრამ მნიშვნელოვანს და არსებით გულისხმობდა. ეს ადვილად იგრძნო შიომ, თუმცა პასუხი დაუგვიანდა, ნაუცბათევი რაიმე რომ ეთქვა, არ ივარგებდა. ის, მუსა, ალბათ რაღაც ღირებულს და საჩოთიროს ეყრდნობოდა, რაღაც მწვავე, უსიამო და შემარცხვენელი იცის ალბათ, მაგრამ პასუხამდე საჭიროა გარკვევა, რამ აიძულა ასეთი კითხვა დაესვა? -როგორ თუ კარგად ვერ ვართ. ქრისტიანი და მუსლიმანი, ყველანი ქართველეი ვართ, ერთად ვართ. _ აბა ორი ჰუბუმათი (მთავრობა) რატომ გყავან? ერთი _ თბილისში, მეორე _ ბათუმში? _ შიომ სცადა აეხსნა, მაგრამ მუსამ ხელი ჩაიქნია, _ არ მომწონს არც ვითარება და არც პასუხიო. _ ცოლ-შვილი შინაა, მუსა? _ მოულოდნელი შეკითხვით შეაჩერა შიომ მუსას მიერ წამოწყებული საშიში საუბარი. აქ ახლა მართალია არავინ ახლავს საბჭოური ქართველი, მაგრამ, რა იცი შენ თვითონ მუსა ვის წისქვილზე ასხამს წყალს. მერე, შინ რომ დაბრუნდება შიო, დაუძახებენ, იქ სადაც არს და გადმოულაგებენ ყველაფერს `ნაციონალისტი, ნაძირალა, უცხოელი, ბურჟუაზიით მოწამლული ქართველის ანტიკომუნისტურ, ანტისაბჭოურ ნალაყბევს~ _ მერე ისევ მუსასკენ გაიხედა, მის მოწყენილ, დაძაბულ და შფოთიანი ფიქრებით გაწამებულ სახეს რომ დააკვირდა, შერცხვა, როგორ გავივლე გულში იჭვიც კი მის სიგულწრფელეშიო. მოპირდაპირე კედელზე, ირიბად ქართული ძველი ხანჯალი იყო მიმაგრებული, ხალიჩაზე, იქით, დაჩუტული ჭიბონის გუდა ეკიდა თავის ლერწამ-ქარახსით. გარეთ ბინდდებოდა. ახმედი თავისთან წასასვლელად იყო, _ ეტყობოდა წუხდა, როგორ დავცილდე უნახავ ბიძაშვილსო. ცოტა განაწყენებაც შეეპარა, _ არ იქნა თავის ღვიძლ ბიძაშვილს ერთი მისებურად ცალკე, გულიანადა, ვერ დაელაპარაკა, არადა, მუსასი ეხათრებოდა, რომ შიო განზე გაეყვანა. ამას შიოც გრძნობდა, განიცდიდა, ახმედი ფეხზე იდგა სულ, არ უსმენდა, მხოლოდ ღრმად, ტკივილიანი ცქერით, მიშტერებოდა შიოს და გურჯისტანელი ბიძაშვილის სახეზე, მის ღიმილში, მის ნათქვამებში, ყოველ მიხედ-მოხედვაში, თითქოს თავის გაწყვეტილ წარსულს, დაკარგული ნათესაობის ნამდვილ იქაურულ-მშობლიურ ნიშან-თვისებებს ეძებდა. -ამით, ამ ნახვით მე ვერ გავძღები, ემიაშვილო. ძროხები, ცხვრები მყავს ბევრი. გავყიდონა და რაცხა დამიჯდება, დამიჯდეს, მემლექეთშინა ჩამოვდე, ვერ გებნევი, შიო ძიავ, ჰოდა, ამ ვერთქმამ თლათ დამაბლაყვა, დამამუნჯა... მარტონი დარჩნენ მუსა და შიო. _ ცოლი, ჰაჯერი და შვილები მალე მოვლიან. ახლა, ჩვენ აგერ დავბრძანდეთ. აგერ რაცხანა გაჩვენო, ბატონო შიო და შენაა მასტავლო, რაფრათ მოვიქცე, რაფრავ გავაკეთო, მაქს მე ერთი საქმე გასარკვევი და... წიგნის თაროებზე იმავე კედლისფერი ფარდაგი აკეცა და იქ, ბინდბუნდში, შიომ წიგნები დაინახა. ქართულ წიგნებს ვინახავო, დაბალი ხმით გაამხილა მუსა. ცოტაც ვმალავ, აქ ვიღაცეებს ქართული წიგნისა და ქართული ანბანისა, ქართული სიტყვისაც ძალიან ეშინიათო. ცეკვას ქართულად არ გვიშლიან, სიმღერას კი გვიშლიან. სიმღერაში ქართული სიტყვის ხმარება აკრძალული გვაქვსო. ამიტომო, _ თქვა მუსამ, _ ახლა მე მარტო ქართული ცეკვის გუნდს ვამზადებო, სიმღერისაც მინდოდაო, მაგრამ სიმღერის ნება არააო. ჰოდა, პაწაი მოხმარება მინდა, ჩასაცმელებზე, დასაკრავებზე, თვითონ საცეკვაო მუსიკებზეო, _ ჩიოდა მუსა. შემდეგ სარკმელში გაიხედა, კარი მოსინჯა, ფარდები შეასწორ-ჩამოაფარა. კიბეს შეუდგა კრაჭაკრუჭით. მალე ისევ უკან დაბრუნდა იღლიაში ამოდებული დიდი ყდით, იგი ორივე ხელით მოჰქონდა, ფატიზად, აზიზად, საგანგებოდ. მოიტანა, შიოს შინ პატარა მაგიდაზე დადო, ჩაკოჭილი საკრავები გახსნა, გაშალა, პირველ ფურცელზე ხელები დააწყო. ამოიგვნეშა და შიოს მოუხედა. ეს ჩემი სიცოცხლის წიგნიაო, აღმოხდა. შიო გაირინდა, გაიგო, განეწყო. -რაც ვარ ქვეყანაზე, ამას ვაკეთებ, იგი სულ საქართველოა, საქართველოზეა, აქაურებისთვის მინდა, აქავრებმა საქართველო ჯერ მარტო სიზმარია, არ იცია, რა იციან. სკოლებში სასწავლო რუკებზეც ვერსად ნახავ საქართველოს. მთელი კავკასია ყირმიზ რუსეთშია შერგული და ყველაფერს ერთად რუსეთი აწერია, ჰოდა, აქაურებს პაწაი რაცხა მივახდინო მინდა. გადაფურცლა. პირველ გვერდზე `გურჯისტან~ ამოიკითხა შიომ, ლათინური, ესე იგი, თურქული ახალი ანბანით ასე ეწერა. სათაურქვეშ საიდანღაც ამოჭრილი სურათი _ ცხენზე ამხედრებული წმიდა გიორგი შუბით გველეშაპს თავს უჯეჯგავს. შიოს პირველივე გვერდი მოეწონა, მუსამ გადაფურცვლა, მოინდომა, მაგრამ სტუმარმა ხელი დაადო ფურცელს, _ შეაჩე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი