შოთა გონიოში
ამ ციხესთან შოთა რუსთაველს გაუვლია. აჭარაში გაგონილი. 1 გონიოში ციხის ქვას ხელს რომ ვახებ ხაოზე, ვხვდები: ბევრი იცის მან, იტყვის და გამაოცებს. მას რომ ტალღა ეძახის, რომ ეხვევა ის ქარი, მისი შუადღესავით გაღებული ჭიშკარი, მისი ფიქრის სიმშვიდე მე გულში ჩავიკარი. მისი მკერდის ძვალი ვარ, მისი ცეცხლი ბრიალა, მისი ცრემლის ღვარი ვარ, მისი მთების ია ვარ, მისი თბილი დილა ვარ, მისი ფოთლის ფართქალი, მისი რძე ვარ, მდინარე, მისი სიტყვა მართალი. ამ კედლებთან გავთენდი, ავმაღლდი, არ დავღამდი, მეტი ვინ გაიგებდა ამა ქვათა ღაღადისს? აი, მიწამ გაიგო, რა მაწუხებს, რა მინდა, წამოშალა ლანდები დიდებულთა რაინდთა, ვის თავზედაც ბრუნავდა ჩვენი ბედის ბორბალი, ვისაც მიწა უყვარდა სისხლით, ცრემლით მომბალი, ვინაც თითო გოროხით, ქვით, ალიზით, ნაცარით, მტკვრით, რიონით, ჭოროხით, ხმლით და პურის მარცვალით, იმათ, რაც რომ უყვარდათ: ლექსით, ვაზის ხვეულით, შეკრა, შეადუღაბა საქართველოს სხეული. 2 სიფუხრეში ნაზარდი გლეხის ბიჭი აზათი, წვით და ღელვით ჩიოდა: მტკივა, როგორც მტკიოდა სიყვარული გულნაზის, სავსე როგორც თიბათვე. შემკულია ცასავით წყარო, არდახარჯული, მზის ნექტარით ავსილი, ვით მტევანი კლარჯულის. დამიძვირა პირობა, თუ მას, როგორც სალოცავს, არ მივართმევ სახსოვრად შოთას `ვეფხისტყაოსანს~. 3 გონიოს გზა ძველია, იგი ვინ არ გათელა, ამ გზით ბევრი შორეთი მოიარა ქართველმა. იყო მადლის ძიება, დაუძლევის დაძლევა, უცხო ზეცა ასწიეს შუბლით ჩვენმა ტაძრებმა. როგორ არ დავაფასო მათი ცხელი დალოცვა, მაგრამ ზოგჯერ დაგვაზრო მათი სულის ტაროსმაც, _ ქრისტეს ხათრით გვართმევდნენ წმინდა `ვეფხისტყაოსანს~. 4 მიატოვა ღამეში შოთამ მტკვართან ქალაქი, არც რამე იარაღი, და არც საგზლის მარაგი: მოდის ხმელი მოხუცი, მძიმედ ჩაფიქრებული, მოსდევს ქართლის ნიავი და ვარსკვლავთა კრებული. გინდა ბერი უწოდე, გინდა მგზავრი დაარქვი, არც რამე იარაღი, და არც საგზლის მარაგი. მხოლოდ მიწა აიღო მცხეთის ახლო, მუჭითა და უბეში ჩაყოფილ ხელით თბილად უჭირავს. უჭირავს, ვით ნათელი, როგორც მზის მონატეხი... საქართველოს გზით მოდის ბრძენი, მწირი და გლეხი. გორიც გამოიარა, შედგა, ჩამოქვეითდა, დილის ფრინველთ წკრიალა ხმები სულს გაერითმა. ისევ დარდი დაეცა, მაგრამ წამოიშველა ერთი ძველი იმედი _ ქალი თვალებგიშერა; მშობელ ქარზე მოუნდა ცხელი მკერდის მიშვერა, ჩამოიხსნა ღილ-კილო, წამოიძრო წაღები, საქართველოს ცვრიან ველს გაუყვა ფეხშიშველა. ნაბიჯებმა მგოსნისამ დაღმართები დაკეცეს, მიარღვევდა მუხლებით ყაყაჩოთა ნაკვერჩხლებს. 5 აჰა, ჭრელი ზღვის კიდე, აგერ ქაჯთა ციხეა, ქედზე ნისლი მატყლივით იშლება და იხვევა. აგერ, კოშკი თამარის მთას ადგია გვირგვინად, მგზავრს ევლება პეპელა, ფეხქვეშ წვება გვირილა. მიდის, თან აგონდება, ვინცა ჰყავდა, ვინცა ჰყავს, და წიგნივით კითხულობს საქართველოს მიწა-წყალს. ამღვრეულა ჭოროხი, მოაქვს ტყე დამტვრეული, მოგუგუნებს, მოღელავს ჯავრით გადარეული, _ თითქოს გადმომსკდარია დარდი საქართველოსი, თითქოს იქით არ უნდა გაშვება ამ ცხენოსნის. შეებრალა ბერ მგოსანს ბედაური უბედო, გადააგდო ავშარა, თვით მდინარეს მიენდო: _ მშობლიურო ზვირთებო, ვარ ტარიას მხატველი, მე, რომელსაც მიქია თამარ _ დედა ქართველის, მადლი `ვეფხისტყაოსნის~ ჩამითვალე უკმარად და აქ შენი ნიაღვრის მხოლოდ ერთი ლუკმა ვარ! გამირღვიე ავ-ნისლი, მშობლის შუქო მესხურო, სულის ჩემის და სისხლის თესლში მარად შესულო. მწყევლეს, რადგან დაგშორდი, განდგომილად მომნათლეს, თორემ მიჯობს, სამშობლოს აქ ვყოლოდი მონად მე. მაშინ კლდიდან დაეშვა გონიელი აზათი, გამოაპო მხარულით ნიაღვარი და ზავთი. იქ, მახლობელ ქორომზე, ახსნა ნავი ლაზური და უცნაურ მგზავრამდე ორი მოსმით გაცურა. გაიყვანა ნაპირზე, რა იცოდა ვინ იხსნა, ან ის უბით რას მალავს, რა განძს და რა თილისმას. 6 მაღლდებოდა გონიოს ციხე დილის ნათელში, ცეცხლი ენთო კედელთან და აშრობდა გათოშილთ. უმზერდნენ და ვერ ცნობდნენ მაღალ, უცხო წვეროსანს, მოსასხამით მწირს ჰგავდა, შიგ მეფურად ემოსა. ქუდზე ორბის ფრთა ესო და უბეში უჩანდა დასტურ ძვირფას რამეზე მოხვეული მუშამბა. თქვა: მელისო შორი გზა, ბოლო დღე ვარ აქ, შინა... გლეხმა გადამარჩინა. მიუბრუნდა ის აზათს, თავზე ხელი მოუსვა: _ შვილო, მართლა გმირი ხარ! _ და იტირა მოხუცმა. წამოენთო ჭაბუკი _ შერცხვა, მაგრამ ლაზათით უთხრა: რაა გმირობა, თვითონ იცის აზათმა. მერე წუთით ჩაფიქრდა, ნამი დაჯდა წამწამზე: _ სატრფო უნდა დავკარგო და სიცოცხლე გამწარდეს. ჩემს გმირობას გულნაზი განა მარტო დალოცავს? ვეყვარები, თუ ვპოვებ შოთას `ვეფხისტყაოსანს~. იმ სანატრელ წიგნისთვის თუნდ მკერდს დავიდაღავდი, და ვით მამულს საყვარელს, სისხლით შევინახავდი... ბერი მგზავრი აცრემლდა, გაუხარდა, დაეჭვდა, _ ნუთუ იცნო ამ ბიჭმა? შეჰყო, ხელი შეახო გულთან `ვეფხისტყაოსანს~. ადგა, მხარით აზიდა ლაჟვარდების თავანი, თქვა: _ სამშობლოს ასეთი შვილი ჰყავდეს მრავალი. მეც შენსავით მინდოდა დაცვა შოთას ნაწერის, გულდამწვარი ვიდოდი ნალანძღი და ნაწყენი. მაგრამ გზებმა ტკივილი ერთნაირად შეცვალა, საქართველოს ბუნების სურნელება მეწამლა. შენ კი, აზათ, გულადო, მთლად დამადე მალამო: გეტყვი, შვილო, ვინცა ვარ, რატომ უნდა დავმალო? ჰო, რუსთველი შოთა ვარ, სიყვარული წინ მიძღვის... ვსვამდი ნექტარს ყოველთვის საქართველოს ტკბილი მზის. ვთქვი: წავიღებ უცხოეთს ჩემს ნაფიქრალ-ნაამაგს, თუ მას უნდო უწოდეს, სამშობლოში რაღა მაქვს. წავალ, ყოფნის მიწურულს ბერის ბედით დავბინდავ, და სიკვდილთან მისულიც მას დავლოცავ, რაც მინდა. მაგრამ დღეს კვლავ ვიგრძენი შენში სითბო მამულის... ჰა, ეს წიგნი შენია, ჩემი ცრემლით ნამული, ჰა, შენც ცრემლით მოალბე, იყავ მისი პატრონი: მონაც, ღმერთიც, ოლიმპიც, რუსთავიც და ათონიც. მოუარე და გზები დაგრჩეს ბრძოლით გავლილი, მოკეთე შეგაყვაროს, მტერი კვეთოს ხმალივით. წიგნი `ვეფხისტყაოსნის~ ჭაბუკს მისცა გლეხისას, დაიხარა მიწაზე, _ საქართველოს ემთხვია. შოთა შორს მომზირალი ისევ ცრემლით დარუჯა მესხეთ-ტაო-კლარჯეთმა, აჭარა-არტანუჯმა. და წავიდა ნადარდი, ბრძენი გულდაუმცხრალი; შორს, მოწყენილ ზღვაზე მზე ეკიდა, ვით კურცხალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი