ჩადრი


1
ვერა, ძვირფასო, ვერ გაპატიებ,
რომ ამატკივე გული უწყალოდ,
ჩემს ყოველ სიტყვას შენ ამარტივებ,
შენ აადვილებ, შენ აბათილებ,
ცდილობ ჩემს ნათქვამს გამოაცალო
ფუძე, ხალისი და სინამდვილე.
თავიდან თავი ჩემთვის გადადე:
რა არ აღმითქვი, რას არ დამპირდი,
მაგრამ ჩუმ-ჩუმად ჩადრით დამბინდე...
და სიყვარული, როგორც სავარდე,
შეღობე, შეჰკარ, და ჰა, აქამდე
ისე მადარდებ, ვნატრობ: გათავდეს...
რომ მოიწმინდოს გულის ამინდი.
მაგრამ რომ ახდა სულ ყველაფერი
და ჩვენი კვერი ერთად გამოცხვა,
მონახე `რჩევა~ ჩემი საფერი:
`ქალს უნდა ყოფნა ცალკე და მორცხვად~.
და ვიმუშავე, მე ვიმუშავე...
მაგრამ ყანაში თოხით თუ ვჩანდი,
სხვა ყველაფერი შენ დამიშალე, _
აღარ გამიშვი გზაზე უჩადროდ.
მე ავიტანე ბევრი დაცინვა,
ზეცა მებურა ჩალის ჭერივით,
შენ როგორ იტან, თქვი თუ კაცი ხარ,
ჩემზე რომ გესმის: _ `ჩამორჩენილი?~
2
სელვა წყაროსთან, სულ მარტოდმარტო
ზის, თავის თავთან ასე საუბრობს,
როგორ თქვას, სიტყვა როგორ მომართოს _
ჯავრი ერევა უფრო და უფრო.
დღეს ქმარი ისევ ცალკე წავიდა,
კლუბში წავიდა წარმოდგენაზე.
ქალს შეუყვირა: _ ხალხში რა გინდა!..
სუ, დააჭირე კბილი ენაზე!..
სელვა ზის წყალთან სულ მარტოდმარტო,
გვერდით ტირიფი დგას ტანმორჩილი,
იქით, ლოდები ჩანს ფართო-ფართო
და ლოდებზე წევს მუხა მოჭრილი.
მთა მოხუცივით ხევებს ჩასცქერის
და ჩრდილებს ხატავს ფართო ვაკეზე,
გადმოკიდულა კლდეზე ჩანჩქერი,
როგორც სივრცეში კვალი რაკეტის.
მოჰქუხს მდინარე, მძლე, მიმზიდველი,
თავის ძალაში დარწმუნებული
და მწვერვალებზე ყვითელ-ყვითელი
ნისლები სხედან ქალწულებივით.
ირგვლივ შუქია თბილი, კეთილი
და მღერის ტყეში ჩიტი _ მგოსანი,
მხოლოდ სოფელზე ცა მოწმენდილი
უდაბურია უდაბნოსავით.
3
ის ადგა, თუნგი მხარზე შეიდგა,
აღმართს შეუდგა და ბინდიანი
ხეების იქით, გზის მოხვეულთან,
შენიშნა ორი ადამიანი.
ეს ენვერია, ქმარი სელვასი,
ის კი, მეორე, არის უცნობი...
და ქალს დაისის მრუმე ელვაში
ესმის: _ სულ ხუთი ჭიქა შევასვი
და მიეყუდა კედელს უგრძნობი... _
ამას ამბობდა ალბათ ენვერი...
_ ვინ? _ შეეკითხა უცხო ხმადაბლა.
_ მწყემსია, ჩვენი ფერმის მომვლელი,
ერთის სიყვარულს ისე გადაჰყვა,
რომ კაცი ამან დააავადა. _
ენვერმა უცნობს უთხრა ხარხარით,
მაგრამ უცნობმა ის გააჩერა:
_ რა, სიყვარულის შენ არა გჯერა?
თან დაუმატა, _ სწორი არ ხარო,
და წყენით დაჰკრა მხარზე მარჯვენა.
კვლავ გააგრძელა, როცა გაჩერდნენ:
_ ეს ჩემი ბედი, ძმავ, რა ბედია,
მე ვინაც მსურდა, მე ვისაც ვენდე,
ვინაც ნამდვილად მიყვარდა ერთხელ,
ჯარიდან მოსულს არ დამხვედრია...
_ ერთი შენც, ქალი განა ცოტაა?
უცოლო ვიყო, მაშინ ნახავდი...
სელვას დაედო ფერი ქაღალდის,
ოდასთან შედგა და საცოდავად
კარის სახელურს მიაწვა ზურგით,
მხრიდან უძლურად ჩამოდგა თუნგი.
შემდეგ ნაღველი მაინც გაკაფა,
შევიდა, სახლი მიმოალაგა,
გამოიცვალა საჩქაროდ კაბაც, _
უხერხულია ქმრის ამხანაგთან.
`ჯარის~ ხსენებამ მას გაახსენა
ჯარში ენვერთან ერთად ნამყოფი,
ის _ კახაბრელი ბიჭი არსენა,
არსენასავით ჭირის გამყოფი
და მოყვარული ამხანაგობის.
4
მაგრამ ენვერმა ცოლს არ გააცნო
ძმაკაცი, თავის სახლის სტუმარი.
ეჰ, გული როგორ უნდა დააცხრო,
ქალი კი არა, ხარ სასთუმალი...
ერთი შეხედვით, კართან ჩავლისას,
ენვერმა ცოლის მზერა მოცელა,
უცებ ლეჩაქმა სახე ჩანისლა
და წაიშალა თავისთავისად
თვალ-წარბი, როგორც ხელის მოწერა.
სტუმარს დაურჩა ხელი გაწვდილი,
დიახ, გაწბილდა, თავი ჩაღუნა. _
ჩამოიხურა ქალმა მანდილი
და მარტო ლანდი დარჩა დარდივით...
გული გახეთქა თითქოს ლაღუმმა.
5
ეჰ, სელვა, სელვა, ვინ დაგვიჯერებს,
რომ მზერას შენსას ჩუმად იჭერენ.
შენს გაღიმებას სხვას უმალავენ,
თითქოს ღიმილი ნაქურდალია...
მერე ყველაფერს შენ გაბრალებენ, _
რა ვქნათო, ძველი წესის ქალია.
მე ვიცი, ბევრი შემედავება, _
სად დაინახე, სად შეგხვედრია,
რომ დღეს ატარონ ჩადრი ქალებმა...
ეგ ხომ წარსულის შავი ხვედრია?..
არ მინდა მათთვის ამბის მოყოლა...
მაგრამ თუ ლექსი რამეს აკეთებს,
მოვნახავ თუნდაც თითო-ოროლას,
ვინც იკეტება, ანდა ჩაკეტეს
და ამ პოემას ვეტყვი ასეთებს.
მე ჩემი დარდი მეპატიება,
თუ სადმე ჩადრში ერთიც კი არი,
მე შემასწავლა ჟამთა დინებამ,
როგორ გავუგო სხვას სატკივარი.
ერთხელ კრებაზე ვნახე მე თვითონ,
გატაცებით რომ ამ აზრს იცავდა:
დაისაჯოსო და მიეთითოს,
ვისაც ჯერ კიდევ სურს ჩადრი ზიდოს.
რა სიტყვებია, რა პირდაპირი _
დამიზნებული და გასროლილი!
მაგრამ სხვა არის გული და პირი, _
სხეულს ნისლივით აქვს დაწოლილი
ეჭვი, წარსულის გადანაბირი.
6
სტუმარს სტუმარი შეჰმატებია
და მხიარული სიტყვით თბებიან.
ბოლოს მხურვალე მოსაუბრეთა
შუა ინთება სუფრის დიდება:
კარი იღება,
აი, თუ ხედავთ, _
ლანგრებს ენვერი თვით ეზიდება.
ასე რად ხდება, ასე რად არის. _
სად არის თავად დიასახლისი?
აქ პურმარილი მართლაც ზღვად არის,
და მაინც სუფრას, რატომ _ არ ვიცი,
აკლია მაინც ეშხი თავისი.
ვიცი, ამ სოფელს სამ საუკუნეს
არ დაუწურავს წვეთი მაჭარიც...
მაგრამ გამოდით, ახლა უყურეთ _
რა ლამაზია ბედი აჭარის.
გაოცებული ციდან მზე გვიმზერს
და ჩვენს ნაბიჯებს ვეღარ იჯერებს,
ხევებმა გულისპირი შეიხსნეს, _
ჩანჩქერებიდან ეზოებისკენ
სინათლეები მიაბიჯებენ.
მაგრამ ზოგს მაინც იმ სამას წელის
შემორჩა შიში და მორჩილება
და საღი სახე ჩადრით დამწველით
შეუხვევია, როგორც ჭრილობა.
არ შემიძლია მე გაჩუმება,
არ შემიძლია მე პატიება. _
ეს გამაგონეს ძველმა ჭურებმა
როგორც თქმულება და დატირება.
ეს ხომ მიწაა იმ განთიადის,
ფრთას რომ გაშლიდა საქართველოზე,
აქ უთხრეს ქება ნესტანს, თინათინს,
დიდი თამარის თვალთა სინათლით,
ხალხის გმირობით და სიდიადით
ამ მთა-გორების მკერდი შემოსეს.
ცა მოჭედილი ოპიზარების
და კახაბერის ხმლით მოხაზული,
ძველი ძახილი ოშკის ზარების,
გაუბზარავი ციხის კარები
და ოსტატობა ჩვენი ლაზური, _
ეს სინამდვილე, ეს სილამაზე,
ეს ბედნიერი ბედისტრიალი,
როგორ შეეწყოს, როგორ შეთავსდეს,
თუ აჭარაში თუნდაც ერთი ქალზე
იტყვიან: აი, ის ჩადრიანი?!
7
სელვა, შენ ახლა სულ არ გამტყუნებ,
რომ მიწოლილხარ კედელს ტანითა
და გულგაღეღილ ენვერს გაჰყურებ
ოთახში ძელთა ჭუჭრუტანიდან.
იგი ლაღია, როგორც ყმაწვილი,
შუბლს დაჰფენია თმები ჩრდილივით
და მის ბაგესთან ჭიქა დაცლილი
ივსება ისევ მისი ღიმილით.
შენ გინდა მასთან იჯდე ამჟამად
და იგრძნო მისი ჩუმი ფერება...
მაგრამ ტრფიალი, ალბათ, დაჟანგდა
და ვერ ფლობს კაცი ბედნიერებას.
მოგონებები სიტყვით აკინძეს
და სახლიც თითქოს გათბა გულივით
და ეშხში შესულ სტუმარ-მასპინძელს
შორის დაეშვა უცებ დუმილი.
ადგა არსენა ხელში სასმისით, _
რაღაც აწუხებს, ღელავს, ვერ ითმენს.
_ ეს გაუმარჯოს, _ დინჯად გაისმის, _
ვინც არის შენი დიასახლისი,
მე, შენს მეგობარს, რომ გამარიდე.
მუხლს მოეკვეთა სელვას კედელთან,
ვაი, სირცხვილო, რა დაემართა.
არსენამ შესვა, ოდნავ შეჩერდა
და კარებისკენ გამოემართა.
ბრაზმორეული იჯდა ენვერი
და შეჰყურებდა მის წინ მიმავალს:
`რას არ მოვითმენ და შეველევი,
მაგრამ ოჯახში რატომ მერევი?!
თუმცა ეს რაა?.. თვალი რას ხედავს _
სელვა შემოჰყავს სახლში არსენას.
ენვერი ჯავრით გაშრა, გახევდა,
შემდეგ სიბრაზით თითქოს გამხნევდა,
გადააბრუნა სუფრა ნახევრად.
რა მოხდა? _
სელვა სუფრასთან იყო,
ღვინის შხეფებმა კაბა მიმორწყეს
და იგრძნო კაცმა, რომ ცოლი თითქოს
ჩადრივით იხდის შიშს და სიმორცხვეს.
სტუმარი დინჯად უცქერს მაგიდას:
_ ნუ მძრახავ, ენვერ, აი, რა მინდა:
გვაამა შენმა ღვინომ და პურმა,
მაგრამ კარგია _ ისიც გვშვენოდეს,
რომ ხელი მივცეთ მამაპაპურად
ოჯახის ქალს და სუფრის შემოქმედს.
და გაუწოდა სელვას მარჯვენა,
შინაურულად და შუბლგახსნილად:
_ მადლობა, დაო და გამარჯვება,
გამრავლდეს თქვენი სახლი ასწილად.
მაგრამ ენვერმა დაადგმევინა
ჭიქა და რისხვით მხრები ამართა.
_ ვინ მოვიყვანე შინ თურმე, ვინა!.. _
დაიღრიალა და თან ქამართან
ხელით მოსინჯა თითქოს ბებუთი,
მაგრამ არსენა უკვე მიბრუნდა,
ჩაფიქრებული, ძლიერ ნაწყენი
კართან შეჩერდა გულისტკივილით,
ენვერის მჯიღზე მან შეაყენა
მშვიდობიანი ერთი ღიმილი.
_ მიკვირს, ეგ გული რატომ შეღობე,
სირცხვილი არის, ძმაო, სირცხვილი,
მსურდა გვქონოდა ეს მეგობრობა,
როგორც ძმის სახლში არის ძმის წილი.
8
მთვარე ნისლებში გამოისახა,
ცა ჩანდა მწიფე პურის ველივით
და მეგობარი მეგობრისაგან
წავიდა ცივი და მოწყენილი.
ოჯახს დუმილი რომ დაეუფლა,
ენვერს სიჩუმე თითქოს ეცივა,
წამოიწია საყელო უფრო
და მაგიდაზე ჩამოეძინა.
მაგრამ განთიადს ბევრი არ აკლდა,
სხივს შეაგებეს ჰიმნი ჩიტებმა,
ფოთლებზე ცვარმა შუქი არეკლა
და რომ აისი არ ჩამქრალიყო,
დღე დაიბადა, როგორც დიდება.
ცას გაცრეცილი მთვარე იმ დილით
გაჰკვროდა, როგორც თონეს ლავაში,
მალე უჩადრო ქალის ღიმილით
შემოიხედა მზემ ფანჯარაში.
9
გამოეღვიძა ენვერს უეცრად,
თითქოს დააწვა ჭერი მდუმარი,
ცოლს დაუძახა, პასუხს უცადა,
მაგრამ იცოდა, რაც გულს უწვავდა, _
არც სელვა იყო შინ, არც სტუმარი.
გავარდა გარეთ და გაემართა,
მაგრამ საითკენ, თვით არ იცოდა,
გუშინ ის ოდა სხვაგვარი ჩანდა,
დღეს ობოლივით იდგა ის ოდა.
წასულა იგი, ვინც გაგონდება,
თბილი, მზრუნველი და გასაგები,
ის ჩანდა მთელი ქვეყნისოდენა,
როცა ამ ოდის კედელს აგებდი.
შემდეგ თანდათან დაპატარავდა, _
შენ ის სიმდიდრე ვერ დააფასე,
თუმცა არავინ მას არ გპარავდა,
მაინც იდუმალ შიშით ფარავდი
და არ ფიქრობდი ბოლოს ამაზე.
ახლა კი დგახარ აგერ ფხიზელი
და ისე კარგად, როგორც არასდროს,
გასაგებია შენთვის მიზეზი,
რატომ გეძახდა სელვა `არასწორს~.
დღეს მას სხვაგვარად ხედავ სრულიად,
შენ ის გწყურია, როგორც ცხოვრება,
იქნებ ეს მიტომ, რომ წასულია
და კაცის გული რადგან გულია,
გეწვის იგი, რაც დაკარგულია?
* * *
`ეჰ, სელვა, საით წადი ამ დილით,
ნუთუ დამტოვე, ანდა გამცვალე?..
თუ ამნაირი გქონდა წადილი,
სწორი ვყოფილვარ მაშინ ნამდვილად,
რომ გიმალავდი ჩადრში ნაწნავებს~.
მწუხარე, ჩუმი, ვით დამნაშავე,
მიადგა თავის სიდედრის ოდას,
იმ დილით სწრაფად სუფრა გაშალეს,
გამოიტანეს, რაც კი რამ ჰქონდათ.
სელვა რომ სახლში ვერ დაინახა,
ვერც დაიხარა იგი სუფრაზე,
თავისი ჯავრი ჯერ შეინახა
და არაფერი არვის უთხრა ჯერ.
10
ამასობაში კარი იღება,
შემოდის ქალი,
ეს არის სელვა,
ისე მოღლილა,
კარებთან სული ძლივს შეიკავა:
_ მე არ წავსულვარ, ფიცით მორჩილით,
სადაც ვიყავი, ისევ იქა ვარ.
მხოლოდ არსენთან ვიყავ, რომ ჩემი
ოჯახისაგან მეთქვა ბოდიში,
თორემ მეგონა, ვერ მოვრჩებოდი,
ისე შევწუხდი...
11
გზა საყვარელი, შინ მიმავალი,
ამ ქვეყანაზე არის მრავალი,
მაგრამ მათი გზა მაინც სხვა არი,
ალალი, როგორც გულის წამალი.
მათ შესახვედრად თითქოს განდაგან
წამოუხურავს ხევებს ჩრდილები,
ეზოში მხრების გაშლით დამდგარან
ხეები, როგორც მექორწილენი.
გულს არ უჯერის,
ჯდება ენვერი,
სელვა აქ არის, ისევ შინ არის,
თბილად უჭერენ ხელებს ხელები
და სულში შედის მზე უჩინარი.
გაღიმებული ზეცა ამხელა
და კერიაზე ცეცხლი საამო
ჰგავს სიყვარულის პირველ გამხელას
და ქორწინების პირველ საღამოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი