წიქარა


წიქარასავით მეც ბევრგან
მაბეს, მალოკეს მარილიც,
თვითონ ნაცემი სხვა ნაცემს
ზურგზე ვისვამდი ხარივით.

ის, დედინაცვლის ნაწყევლი,
ნამუსიანი მეგონა,
სამშვიდობოზე გამყავდა,
მისგან ველოდი მეგობარს.

_ დასტურ ხარი ხარ, წიქარა, _
ნაშველმა შემომითვალა, _
სახელ-დიდება გინდოდა,
შველაც იმიტომ ითავე.

ყვირიან ამისთანანი,
ვინც ვართ, ჩვენ ვართო, გვიცანით,
ხარო წიქარავ, გვიშველე
მაგ შენი რქების ფიწალით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი