ჭოროხო, შენი ოხვრა-ნაღველით..
ჭოროხო, შენი ოხვრა-ნაღველით ისე გვიყვარხარ, რომ იმ არეულ დროში დავარქვით შენი სახელი ერთ პატიოსან ჩვენს ჟურნალ-რვეულს. მაგრამ რაღაცამ მაინც, ბოლო დროს, დაგვრია ხელი, და აჰა, უკვე, შენაც გატკინეთ გული, ჭოროხო, ხსენებას შენსას მგონი ვაუქმებთ. წაშლა ქაღალდსაც კი არ ეამა, გვითხრა, _ თქვენ ლანქრის ქაფად არ ღირხართ, ჭოროხი მარტო წყალი კი არა ის საქართველოს გულის ძარღვია. ის რომ იწყება, ჩვენც იქ ვიწყებით, დედაენას ჰგავს, _ მძლე, ვაჟკაცური მოედინება მწუხარ მიწების ცრემლად, სისხლად და ოფლად ნაწური. მე რომ პირველი ლექსი მაჩუქეს, კვლავ იქ დავდექი, ყრმობის ადგილთან, მდინარემ მკითხა, _ რად მათქაშუნე რითმებში, მოვლა თუ არ ძალგიძდა? ვკადრე: _ ამხელა წყალს ვინც ვერ გწყალობს, მან არ გახსენოს იქნებ ორჯერაც, შენ რომ ჩემსავით ლექსით ეწვალო ჩვენებურების გულის მორჩენას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი