ხეთურ ნანგრევებთან
ანკარაში ხეთური მუზეუმის შესასვლელთან დგას უცნობი ღმერთის ქანდაკება, ხელში ყანწები უჭირავს. სად რა ლოდები თალეს ხეთებმა, რა ნიშანსვეტი მიწას დაადგეს, რომელი დროის სულისკვეთება გამოატანეს თიხის ბარათებს? მითხარ, კაცია ეს თუ ღმერთია, ხელში ყანწებით რომ შემოგვცქერის? საით გამქრალან, ან ვის შერთვიან, რა ხალხი იყო, რა ბედისწერის? ვისთვის აშენეს, როდის გათავდნენ, ასე რად მიპყრობს მათი ყურება? თუკი გათავდნენ, რასაც ხატავდნენ ამგვარად რატომ მეცნაურება? შეჩვეულს ასე რატომ მაგონებს _ ჩანგი მახვილი და ჯამ-ჭურჭელი? ან რატომ მჯერა, რომ მათი ღონით გადაშენებას გადავურჩები? რა ღონე იყო, რა სიტყვა ჰქონდათ, მათი სულისთქმა რად მომეცხუნა? მათი მიწური რატომ ჰგავს ოდას, სადაც ჩემი დღე გათენებულა? მითხარ, ეს კაცი, ანდა ეს ღმერთი რატომ შემომხვდა ხელში სასმურით?! დღეს დავიბადე, თუ დღეს დავბერდი, _ მითხარ, სად ვძებნო ჩემი წარსული?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი