ჯავახელი


       არჩილ ქამადაძეს
ბევრი იზომავს დღეს ჯავახლობას,
შენზე კი დავა არ აქვს სამართალს, _
მამულს გული რომ არ დალახვროდა,
აქ ოთხას ოჯახს ჰყავხარ მამადა.

განა მშიშარა, დუნე, ყოყმანა? _
ნდობის და `ტკბილად მოუბრის~ დონის
ენით იყოლე მოძულე მოყვრად
და ხშირად იგებ ომს არა ომით.

შენ აჭარისგან ფიცად ატარებ _
მოუარო ერს და სახელმწიფოს,
რომ `გენაცვალემ~ და `ცავადტანემ~
პურის თავთავი ერთად ამწიფოს.
და, ვინც სამშობლოს ამშვენებს შენებრ,
თან გულის გულში ჯვარზე განაკარ
რწმენით ქვეყანას თვისას აშენებს,
განა სალოცავ წმინდანს არა ჰგავს?!

შენ რომ ხნავ, იცი შენია ისევ
ნათესი შენი, მღელვარე ზღვისებრ, _
შენი სახნისი თუ ისახნისებს,
შენი მიწა თავს არ გაისხვისებს.

მყავდე ძმავ, ამ მზის და მიწის ყადრად,
გარეშე ბოღმა _ სიძულვილების,
რომ მესხ-ჯავახურ სიძველის მადლმა
კვლავ იმადლოს... და არ დავილევით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი