კაპჭანი


ოდისა და ნალიის გადაღმა, ღარდებიდან, უფერული ნისლის ბოლქვები ბაღნებივით არბოდნენ ფლატეებზე. შუქრის დილა ეცივა. ტიტველ ჭლიკებზე ხელები მიიტყაპუნა. ბიჭს წელქვეშ არ ეცვა. მარტო ტილოს დამოკლებულ-დაჯღურკული პერანგის დაფრეწილი ბოლოები ჭიპთან უპორწიალებდა.
ახალგამოღვიძებულმა, ეზოში რომ ვერავინ დაინახა ჭვალების სრესით ახორისკენ გაბაჯბაჯდა. იქ ნენეი ეგულებოდა. ნენეიო, ეძახდა კიდეც უხმოდ, მარტო ტუჩების ბურცვით.
ფუნით შელესილ კარში გამოძვრა ქალი, რძიან კაპჭანს მოაჭრაჭუნებდა ხელით. დაბალი ქალი, ოდნავ მხრებშიც მოხრილი, მთლად დაპაწავებული ჩანდა.
ბიჭი რომ დაინახა, კაპჭანი ზემოთ, დაგვერდებულ მერდევანზე (ყორის კიბე) შემოდგა და ამოგვნეშებასავით სული ამოითქვა.
_ დაშრენ ოხერი ბერწები, შვილო... ყაით, ამოი, შენ მაინც გეყოფა. ჩაგიფუნჩხავ და...
ბიჭი მობრუნდა, მორჩილად გაჰყვა ნენეს. ცალი თვალით კაპჭანმა მოთქაფუნე რძისაკენ გააპარა.
შუქრი ხმელი იყო და სუსტი, მაგრამ თვალები, წარბები, წამწამები ისე შავ-შავი, ისე ხოროშ-ხოროში და ისე მეტყველი ჰქონდა, რომ დაფრეშილ გონჯ პერანგშიც კი, საბრალოაი, ვერ იტყოდი.
რა იცოდა ბიჭმა მაშინ, რომ...
არა, არ მინდა იმ ბიჭზე ასე შორიდან ვილაპარაკო.მირჩევნია ახლავე გავამხილო: ის ბიჭი მე ვიყავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი