მიწების მიღება
გაზაფხული იყო, დილა. მოვიდნენ კაცები, მოჰყვათ ქეთო მასწავლებელი. მამაჩემს დაუძახეს, ეზოში გაიყვანეს. მურთაზიც თავისით გავარდა გარეთ და ქეთო მასწავლებელს ამოეტოლოშინა გვერდით. ოთხი კლასი შარშანდელი დამთავრებული ჰქონდა, სკოლაშიც ხომ თავიდან ათი წლისა შეიყვანეს და ახლა უკვე მთლად კაცობდა, მით უმეტეს, მოწაფედ რომ აღარ ითვლებოდა, ყოფილ თავის მასწავლებელთან უკვე მეტი გაბედულებით იქცეოდა. ქეთოს კი გაუხარდა მურთაზის ნახვა, მაგრამ ის კაცი, ვისაც მამაჩემი თავმჯდომარეს ეძახოდა, გადაეღობა წინ; მასწავლებელს აღნიშნა. ახლოს მოდი, საკითხები უნდა ჩაგაწერინოო. თავმჯდომარეს ჩექმები ეცვა, გალიფე და ზევით ოთხჯიბიანი ბლუზა. ალიავ, მიწებს ვზომავთო, განაცხადა თავმჯდომარემ და ღობეზე გადააბიჯა. -მიწას აწომვა რათ უნდა, ჭო? _ გაიკვირვა ბაბამ. _ წამოი, მასტავლებელო. გადმოი აქეთ. _ მიმართა თავმჯდომარემ. _ ვერ გადმოვალ, ჯემალ, ამ ქუსლებით მანდ როგორ გავივლი! _ ჩაიკისკისა ქეთომ, _ თქვენ აზომეთ, იქიდან მიბრძანეთ და მე აქ ქე ჩავწერ. მოუბრუნდა უცბათ ჩემ ძმას ქეთო: _ შენ ჩაყევი პატივცემულ თავმჯდომარეს, აი, რვეული და ფანქარიც. ქე ხარ ახლა შენ იმდენად განათლებული, რომ ასეთი რამე გააკეთო. _ მიწას აზომვა უნდა? _ გაუმეორა მამაჩემმა უფრო დამფრთხალი ხმით. _ კოლექტივში რომ შედი, ალიათ, მიწას გაერთიანება უნდა, არ იცოდი? _ ეი, აგერაა და წეიღეთ, რათ უნდა აზომვა, თქვენი თქვენ წეიღეთ, ჩემი მე დამიტიეთ. _ წევიღო რა, გოდორში ჩავყარო და წევიღო?! _ ხმა აიმაღლა ჯემალმა. _ მიწა ადგილზე იქნება, მაგრამ შენი აღარ იქნება. ჩვენი იქნება. ახლა ყველაფერი საერთოა, კოლექტივისაა, ხომ იცი? _ აქ კი ვეღარაფერი გაიგო მამაჩემმა და მორჩილად თავი დაუქნია. _ აჰ! _ ვეღარ მოითმინა დედაჩემი, სახლის კედელს ამოფარებული რომ იმალებოდა და იქიდან დაიძახა: _ თხმელების ადესაები დამიტიეთ, ძიავ, მეტი ხილი რაღა მრჩება. ადესაის ლეჩერით ბაღნებს ვარჩენ თელი ზამთარი. _ აქ ადესას სადაც დარგავ, გადელდება, ალიავ! _ დაგვამშვიდა თავმჯდომარემ და შუა ყანაში ჩავიდა. _ ადესა სად დეირგვება მაგი კი ვიცი მე, _ შებედა ისევ ბაბამ. _ ნამეტანი ვოში ხარს უკუღმა წეიყვანს. _ დაასკვნა ბრძნულად თავმჯდომარემ. რაღაცა ანიშნა მესამე მხლებელს, რომელსაც ნიკოს ეძახოდა. ნაფუზარში ჩავიდა, მოხნულ-დაფარცხულ-სიმინდამობიბინებულ ნაფუზარში, უხეშად, მოურიდებლად, ჩააბიჯა ჩექმა და საზომი ლენტიც გორვალა ბუთიდან ამოსწია-ამოახრიალა, ყუთი თავად დაიჭირა ხელში, წვერი ნიკოს მიაჩეჩა და უთხრა, დადექი აქაო. თვითონ, პირდაპირ, გადაფარცხნილ, გადალამაზებულ ნახნავში სიმინდები რომ ამობიბინებულიყო, გადაეშვა. სიმინდები ალაგ ჩაქოლა. ჩექმებმა ფართო, ღრმა კვლები დააჩინა მიწას. მამაჩემი შეწუხდა. _ კაცო, ყანა არ შეცოდებიან?! ისე ქენერ-ქენერ (ნაპირ-ნაპირ) ჩაგეარათ, რა იქნებოდა. _ ყანა კი არა, ხალხიც... კაციც არ გვეცოდება, თუ ხელს გვიშლის! _ ახალსიმინდამობიბინებულში ჩექმებით ჩამდგარი თავმჯდომარე მამაჩემს გაჰყურებდა, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისას თან იღიმებოდა. თუმცა, ის ღიმილი ისეთი მეჩვენა, რომ ცოტა შემეშინდა კიდეც. -ათი! დაწერე! _ უბრძანა ჯემალმა ქეთო მასწავლებელს. ქეთოს რვეული უკვე მურთაზისათვის გადაეცა. ჩემი ძმა დაბნეული და მოჯადოებული მხოლოდ ქეთოს მიშტერებოდა, თავმჯდომარისა არც გაუგონია, ამიტომ მასწავლებელმა რვეული უკანვე გამოართვა და, თავმჯდომარე არ გამიჯავრდესო, ციფრი თავადვე ჩაწერა. ნახნავი სულ ჩექმებით მოიჭლაკნა. დედაჩემი აფლიკვინდა, მამა კბილებს აკრაჭუნებდა და ბრაზით ჩხირებს ამტვრევდა თითებში.სამი ჩეთვერი გერგებაო, განუცხადეს მამაჩემს. არავინ არ იცოდა, რამდენი იყო `სამი ჩეთვერი~. ნათესი ყანის ნახევრამდე რომ ჩააღწიეს, შეჩერდნენ, კიდეში ჯოხი ჩაასეს. მეორე ჯოხიც მეორე კიდეში ჩაასეს და მორჩნენ. ქვემოთ აღარ უზომიათ, მე ჩემი ბაღნური ჭკვითაც მივხვდი, რომ ჩვენთვის დასატოვებელი `სამი ჩეთვერი~ იქ, იმ ორ ჯოხთან მოათავეს, დანარჩენი რაცაა, _ სათიბები, ნაპურალები, ვაშლებიანი ხეივანი, იფნის ხეც, ზედ ბროლა ვაზი რომაა, ისიც, წაბლებზე ვაზი _ კლარჯული რომაა, აქეთ _ ხოზანი, სამომავლოდ მამაჩემი ჭვავის დათესვას რომ აპირებდა, ეს ყველაფერი ალბათ, კოლექტივს გადაეცემოდა. მამაჩემი ეზოში, ღობეზე მიყუდებული, იდგა ენაჩავარდნილივით. ქეთო მასწავლებელიც აქ იდგა, ნახნავში აღარ ჩაჰყოლია, რადგან მაღალქუსლიანები ეცვა და ტალახს ერიდებოდა. მან აქედან გამოუანგარიშა რვეულში და აქედან იქ გადაუძახა თავმჯდომარეს, არის უკვე სამი ჩეთვერიო და სწორედ მაშინ ჩაასო ჯემალმაც ის ორი ჯოხი. სახლის უკან ამოფარებული, სახეზე იაზმაახვეული დედაჩემი მოთქმით ტიროდა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ უცხო ხალხში გამოსვლა ჩვენებურ ქალს არ შეეძლო; უფრო მამაჩემისა ეშინოდა, მაგრამ ჯოხები რომ ჩაასეს `ბახჩის~ შუაგულზე, მაშინ ვეღარ მოითმინა, ლანდივით ნალიის ბოძამდე მიიწია და მამაჩემის გასაგონად ამოთქვა: _ კაცი ხარ ბოლოს და ბოლოს, დირეგივით რომ ჩასობილხარ აქა, ერთი ჩადი, რაცხა უთხარი, ის ჯოხი ცოტა ქვევით ჩააწევიე. ამ ბაღნების პატრონს ეს ყანა რაფრათ გეყოფა. შიერინა დაგვწყვიტო?! ამოიღე ენა, აკი მე მიყვირებ ისე, ჭერიდან ჭვარტლებს ყრი?! ამოიღე ენა, ჭო?! მამაჩემს კი მოსულებისათვის კი არა, დედაჩემისთვისაც პასუხი არ გაუცია, იდგა ისე, გეგონებოდა, ყანაში იმზირებოდა, სინამდვილეში, იქვე ძირს იყურებოდა და თითებით პიწკებს ამტვრევდა. _ აწი დეისვენებ, ალიავ, _ წაეხუმრა ეზოში ამოსული თავმჯდომარე მამაჩემს. _ აბა. ამდენ ყანებს რაფერ მოუვლიდა მარტვაი, კაცო? ახლა კოლექტივში ერთიანი ძალით, ხომ იცი, _ ადვილია, მეისვენებ. -ჰო, აბა, რაღა მიჭირს. _ მწარედ დაეთანხმა ბაბაი. მე დერეფანში შევძვერი. ზიქრი და ფადიმე დასაწყლებულად მიჭუჭკულიყვნენ კუჩხეში და შეშინებულები მალულად იცქირებოდნენ ეზოსკენ. იქ ჯემალი ქეთოს ამოუდგა, რვეულში ჩახედა, მასწავლებელს კი მკლავში ჩაავლო ხელი. ფადიმემ ზიქრის უჩურჩულა, სოფელში მაგათზე რაცხაები გევიგონეო, რაიო, იკითხა ზიქრიმ. ამ დროს მურთაზი შემოიჭრა, სტუმრებმა დაჭრილი თუთუნი მოითხოვესო. ამ დროს ფატიმ დაუმატა, სოფელში ამბობენ, თავმჯდომარე ქეთო მასწავლებელთანო იმას იჯებაო... მურთაზს ყურები შეუწითლდა და შუბლზე ერთი ძარღვი ირიბად გაუხოშრდა. თუთუნის ამბავი სულ გადაავიწყდა. რაიო, რას იჯებიანო, შეუბღვირა ფადიმეს. რა ვქნა, მე ხომ არ ვიგონებო, ჩაიკირკილა ფადიმემ. დებმა უცნაურად, ეშმაკურად გადახედეს ერთმანეთს და მურთაზისაკენ გააპარეს თვალები. ამ დროს ჩემი ძმა კიბით ჭერში ადიოდა, თუთუნი რომ ჩამოეღო. თუთუნი მაგათ და ზიფირი თვალებშიო, მიაწყევლა ზიქრიმ. ბაბამ ხმაც არ ამოიღო, რომ იტყვიან, ზორი აღმართის მხვნელიაო. დედაჩემი კი თავმჯდლმარესთან თავად მივიდა, ჯემალი მიუბრუნდა საქმიანად. _ აიშე ნენევ, ა, აგერ ჯოხი ასვია ხომ? ე, იმის ზედაი შენი საკარმიდამოა, მიხტი? _ კი მივხტი, მარა ეს ჩვენი მიწა ჭლე მიწაა, აქ ცოტაი მოდის ყოლისფერი და რანდა ვქნათ, შიერი ამოვწყდეთნა?! _ რატომ, აიშე ნენევ, კოლექტივში ბევრს მოვყვანთ და მოგცემთ, რათ გინდა შინ მარტვაი იმუშავო, _ გაწყდება წელში. ბაღნებს ასტავლე, დიდი კაცები გახდებიან. _ მაქობამდი ჭამა არ უნდებიან ბაღნებს?! _ ჩაიწუწუნა ნენემ. მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ის, რაიკომელი ნიკო, სხვანაირი, შეწუხებული თვალით უყურებდა დედაჩემის იაზმით შეხვეულ თავ-პირს და ქეთოს ეჩურჩულებოდა რაღაცებზე. მე ჩემი წილი სირცხვილისა მაწუხებდა იმ დღეს. მიწის წაღება არ მეწეოდა იმდენად, უფრო დედაჩემის უბადრუკობისა და სახეზე ჩამოფარებული იაზმისა მრცხვენოდა. ქეთომ მოპარსულ თავზე თავისი ბამბასავით რბილი და თეთრი ხელი მომისვა, მერე ნიკაპზეც ამომკრა ხელი, თან ყველას გასაგონად თქვა: _ შუქრი მომავალ წელს სკოლაში წამოვა! _ თბილმა ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. სიხარულიც ზეცას ვეწიე, ქეთო მასწავლებელი ისევ შემიყვარდა... აბა, რას ვერჩი. მამაჩემის მიწა მაგას ხომ არ წაუღია. ~ამომავალი წელი~ როდი იქნება? კიდევ ერთი ზამთარი, კიდევ ერთი გაზაფხული და მერე? ოჰ, როდის გავა ამხელა დრო? კარგი, მოვითმენ, მამას დავუჯერებ, დედას დავუჯერებ, მურთაზასაც დავუჯერებ. დები? კაი ახლა, დებმა მე დამიჯერონ, მეც ხომ სახლში ერთი კაცი ვარ? თვალები ჩუმ-ჩუმად მაინც დედეჩემისაკენ გამირბოდა, ის ყველაზე უთქმელი, ნაღვლიანი, გულდაბეგვილი და ჯავრიანი იყო. მამაჩემი მიყვარდა, მაგრამ დედაჩემი უფრო მიყვარდა, ის უფრო მეცოდებოდა, მეგონა, მისი ტკივილი და წუხილი ჩემი საკუთარი იყო. მე მისი სიცოცხლის ერთი განუყოფელი ნაწილი ვიყავი ალბათ, იქნებ ჩემი სიცოცხლე ჯერ კიდევ მთლიანად გამოყოფილ-გამოცალკევებული არც იყო დედაჩემის სხეულისაგან, სულისაგან, სიცოცხლისაგან. ამისთანა აზრებს და დასკვნებს ახლა, რაღა თქმა უნდა, დღეს ვაკეთებ, თორემ მაშინ რას მივხვდებოდი, თუ რატომ მეწვოდა სხეული, გული და რატომ მეტირებოდა, როცა ჩემი ნენეს საცოდაობას შევხედავდი. შორიახლო ასიარულდა აშფოთებით, მამაჩემს უყურებდა, მურთაზას, იმ კაცებსაც გადაავლებდა იაზმაში ჩაძირულ თავის ალმოდებულ თვალებს. მიწა მისთვის ჭადი, რძე, სიტბყვა და სუნთქვაც იყო. მარჩენალი იყო. იტანჯებოდა. ბორგავდა, თითებს იმტვრევდა, მგონი, მის ტანჯვას მე უფრო ვგრძნობდი. ბოლოს, მოსულებმა წასვლა დააპირეს, უცებ დედამ ვეღარ მოითმინა, წინ გადაუდგა, პირზე მოხვეული იაზმა შეიძრო და აკანკალებულმა ამოთქვა: _ ამფერი მიწაა... კოხი, ჭლე, გვერდი, ცარა, ტალაგანი მიწა და... _ სული ჩაიბრუნა, _ მე, მე დედა ვარ, ამ მიწის დედაც ვარ მე. ჰო, მე ვარ დედა ამ მიწისა. ეს მიწა ჩემი მოვლილ-გამოზრდილია, ჩემი შვილია. ამ მიწას მე თქვენ ვერ გაგატან, ვერა! მიწათ-მეთქი, გებნევი, მიწას ვერ გაგატან, მიწას ვერვინ წეიღებს, ჩემს მიწს, ჩემი ცრემლია და სისხლია ჩათესილი, იცით?! ვერვინ გეიხარებს იმაზე, იმ ჩემს მიწაზე! ნიკოს მეტად შევატყვე შეწუხება. მამაჩემს შეხედა ნიკომ. რამე მოგვეხმარე, გააჩუმე ეს დედაკაციო, მაგრამ მამა ენას ვერ იღებდა. არ ელოდა დედაჩემისაგან ასეთ ამბავს. ქეთოს თვალზე ცრემლი მოსწოლოდა, ალბათ, შეშინებოდა, ქალი ხომ არ შეიშალაო. -აბა, ეგერ, გაღმა ისმეთაია ბელაძე და არ შედის კოლექტივში და თლათ მიწები თავისი დეიტია, რაფრათაა ეს?! _ მამაჩემს მიადგა. _ შენ გინდა ყოლისფერს წინწინ მიეგებო და წააკლა თავი. რა ჯანდაბამ შეგათრია კოლექტივში. გეცალა პაწაი, გეცალა პაწაი?! ის ყვიროდა, თავმჯდომარე და მისი ხალხი კი დაიძრნენ, ნენეი, სარამოცვენილ ღია ყერისქვეშ გაძვრა და მგლოვიარესავით მდუმარე, ჩავიდა თავის ყანაში. დაიხარა, გოროხი აიღო, უყურა, უყურა, მერე ალერსით მიმოფშვნა ხელებში მიწა, იქვე ახალაბიბინებულ სიმინდებზე მიმოაპნია. დაიხარა, წეღანდელი ჩექმის ნაკვალევები ხელითვე ნაზად წააფარა. მამაჩემმა ჩვენს დასამშვიდებლად თქვა: _ ქალმა რა იცის, რა ხდება დუნიაზე. ისმეთაი ბელაძეო რომ იძახის, ისმეთაი გააკულაკეს, ჰოდა, ხვალ ნახეთ, რას დამართებენ. იმ გაღლეტილ მიწებს ანტრად დაატიებიებენ. რაი, ახლა მე სტალინს მევერევი, თუ? ან ჯემალაი მიერევა სტალინს თუ? შინდა ის ნიკოი რომაა, რაიკომელი, იგი მიერევა სტალინს? ვერავინ! მე რა უნდა ვუქნა აქედან ერთმა ღირდველა ფუხარამ. ჯერ ჰად ხართ, სტალინი? მაგი იქმს საქნელს... ყანაში გადავიხედე. დედაჩემი თავმჯდომარის მიერ ჩასობილ ჯოხამდე ჩასულიყო. იქ შეჩერებულიყო. იმ ჯოხის ქვემოთ ფეხი აღარ გადაუბიჯებია. ჩაჯდა იქვე და თავჩაქინდრული ჩააცქერდა დედამიწას. ... გაზაფხულის თეთრი ნისლებით თავშეხვეული დღეები ლეჩაქიან სოფლელ ქალებივით მიდიოდნენ და მთების გადაღმა იკარგებოდნენ. იმ დღეს ნისლებს წვიმაც თან მოჰყვა. შუადღე შეღამებულივით ბინდიანი იყო. ყველანი შინ ვიყავით. ეზოდან ვიღაცამ დაიძახა. პირველი გარეთ მე გავვარდი. ნალიასთან უცნობი, აღმა აწკეპილულვაშებიანი კაცი იდგა. _ ჰადაა, ჭო, შენი ბაბაი?! _ მკითხა უცნობმა. პასუხის მაგიერ რატომღაც უკან, ბუხრიან ოთახისაკენ გავიქეცი. მურთაზაი დერეფანში იმ თავის ფილინთას უხიტინებდა. თავი არ აუღია, ისე გასძახა: _ მობძანდი. სტუმარი გამჩენელი ღმერთისაა. მობძანდი! დედაჩემი, ზიქრი და ფადიმე, ეზოსკენ რომ ოთახია, იქ შეჭუჭკულიყვნენ და ჭუჭრუტანიდან ამოწმებდნენ, ვინ მოვიდაო. _ მაი იმისი ბაბაია. ეტყობა, სხვას ელჩობა არ ენდო, თვითონ მოვდა, _ წაიჩურჩულა ნენემ. ზიქრი ისევ ისე კედელზე თავმიჭირებული ეზოში იცქირებოდა, არაფერს ამბობდა. შვამავალს ჩვენში ელჩსაც ეძახიან. როგორც მერე, გვიან გავიგე, ქალებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ზიქრის თხოვნას ვიღაც ზენდიდელი მაღლაძის ბიჭი აპირებდა. იმ ბიჭის მამა, დიდულვაშა, ისკენდერ ზენდიდელი იყო იმ დღეს ჩვენს ეზოში მოსული. ფადიმემ ჩაიკიკინა, ერთი ის ბიჭი დაგვენახა, თვარა ულვაშაწკეპილი რათ გვინდაო. _ ამნაირ კაცს გონჯი ბიჭი ეყოლება თუ? _ შევატყვე, უფრო ზიქრის გასაგონად თქვა ნენემ. და გოგოებს ისევ ბუხრიანში შეუძღვა. ზიქრი, ვამჩნევდი, აჩქარებით აფახურებდა თვალებს და პირზე ოდნავ წამოყირმიზებული, რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. დასტურ ხუმრობა საქმე არ გახლდათ. მისი ბედისზერა უნდა გადაწყვეტილიყო. უნდა დაენიშნათ. ზენდიდელი ულვაშაწკეპილი სტუმარი მამამ შინ შემოიპატიჟა და სექვეზე დაგებული არდაგანულ ნოხზე დიდი პატივით დააბრძანა. მეზობელ ოთახში დიდი ფაციფუცობა გაჩაღდა ზიქრი ვერ ისვენებდა. _ ნენი, ნეე, რაცხა საჭმელი მოვაფეროთ, თვარა, ისეთი ქიბარი კაცია თურმე, დიდხანს არ მოიცდის. ჰოდა, სირცხვილი იქნებაო, _ ეუბნებოდა დედას. _ მოვაფეროთ, მარა რით, რით მოვაფეროთ. _ აწუხდა ნენეი. _ რა გაქ, ორი კვერცხმდებელი დედალი მყავს. მაგას ხელს ვერ წავაკარებ. _ ჰო, მართლა, მოცვის ჟვერის ჩაი გვაქვან, _ შეებრალა მაინც ზიქრი და მოლბა დედაჩემი. _ მუუდუღოთ ჩაი, შექერიცაა ორი ნაქეხი, მიდი, ჩამოარტყი ჭალიქვა და ჩამოტეხე. _ გოვ! _ დაიძახა ამ დროს მამაჩემმა მეზობელი ოთახიდან. ისეთი ხმით დაიძახა, ყველამ ყური ცქვიტა. ზიქრი იმწამსვე წამოიჭრა და გაქანდა, მაგრამ დედაჩემმა შეაჩერა, შენ არ გამოჩნდე სიახლოვესო. დედა კართან მივიდა, პირახვეული იყო. მამამ გამოსძახა, წყალი გვასვითო. ცივი წყლით სავსე გუგუმი (თუნგი) და მაშრაფა (სპილენძის ფინჯანი) მე გამატანეს. პირველად სტუმარს მივაწოდე. ზენდიდელმა ულვაშზე ხელი აღმა აისვა და ისედაც აზბეკილი უდვაში უფრო აბზიკა. ულვაშის ბოლოები თითქმის თვალებამდე აღწევდა. კინაღამ სიცილი წამსკდა. კარგი, თავის შეკავება მოვახერხე, თორემ მამაჩემი რას მიზამდა ღმერთმა იცის. _ ეს შენი სიბერის საჩუქარია, ჰო? _ უთხრა ჩემზე მამას და სტუმარმა ხელი მიმითათუნა ზურგზე. ბაბამ დასტურად ჩაიხითხითა. _ აბა, სიბერეში რაცხა მოფერდა და... _ ახლა ორივემ ერთად ხმამაღლა გადაიხარხარა. მე ვითომ ვერაფერს მივხვდი, გუგუმი იქვე დავდგი, მაშრაფა თავზე დავახურე და დავიწყე კუთხე-კუნჭული ძუნძული. ფეხს ვითრევდი, იქნება რაიმე საინტერესოს მოვკრა ყური და იქით ქალებს გადავცე-მეთქი. ვიცოდი, რომ უფროსები ზიქრის გათხოვებაზე ლაპარაკობდნენ. ისიც ვიცოდი, ჩვენი სიძე, აი, ამ ულვაშაბზეკილი კაცის შვილი უნდა ყოფილიყო. ზენდიდელს სახეზე ახლოდან რომ შევხედე, გული გამითბა, მომეწონა, მივენდე, მისგან სიკეთის სინათლე მომეთბუნა ვითომ და გულში ჩემი წილი ზიქრი გავიმეტე. ის ამბობდა, ჩემს ბიჭს გურჯას შენი გოგო დაუნახია, ჩვენ ვიცნობთ შენი ოჯახის ნამუსიანობასო. ჩემი დისშვილი ამ სოფელშია გამოთხოვილი, ბელაძეებთან, და იქ დაუნახავს გურჯას შენი ციციაიო. -ბაღანაკაცია ჩემი ბიჭი, მარა მეტი არ მყავს. დასახლება მეჩქარება და მეჰავისება. ქალებს პაწ-პაწაი უთქვამენ რაცხა, მარა საქმე შენს იქით, ჩემო ალიავ, არ წავა. _ ქალებს? ვინ ქალებს? _ შეიშმუშნა ბაბაი, თანაც, მგონი, ოდნავ გაჯავრდა. _ არა, _ წააფარცხა საჩქაროდ ისკენდერ ზენდიდელმა, _ თქვენებს არა, ალი, ეს ჩვენ ქალებზე ვთქვი. მე აზლა აქ მოსლას სხვას ვერ ვანდობდი... რათ გვინდა ჩვენ აქ სხვისი ელჩობა? შვილების საქმეს ჩვენ შევხედოთ თვითონ, არ ჯობს? _ მამამ თავი ჩაღუნა, არაფერი უპასუხა. ისკანდერმა თვალები მოატარა ოთახში. იქით, კედლის ძირას მიგდებული ყავრისაგან გამოჩორტნილი ჩემი ჩონგური შენიშნა. უხერხული სიმყუდროვე რომ გაენელებია და რაცხაით შეევსო, წამოდგა, იმ ჩემს ყავრის ჩონგურს მიწვდა, აიღო, საქმიანად შეათვალიერა, თითიც ჩამოუსვა და მე მომიბრუნდა: _ ჩანგური გიყვარს, ჭო? მე შენ ნამდვილი ჩანგურინა ამოგიტანო. ისტავლე დაკრა-დამღერება და გაგვაძღე სიმღერით. ის ნათქვამის მთავარი მუღამი ის იყო, რომ მამაჩემისთვის მიეხვედრებინა, _ შენს ბიჭს ჩანგურს თუ ამოვუტან იმიტომ, რომ აქ ამოსვლის პირი მექნება, ხოლო `გაგვაძღე სიმღერით~ იმიტომ ვუთხარი, რომ მე აქ ერთხელ კი არა, მრავალჯერ ამოვალ, რადგანაც ეჭვიც არ მეპარება, ჩვენ ნამდვილი მოყვრები გავხდებით. ისკანდერისთანა ლამაზი და საყვარელი კაცი ქვეყნიერებაზე აღარავინ მეგულებოდა. _ ზიქრი, _ მივასკდი ჩემს დას. _ იცი, რა კაი ბიჭი ყოლია მაგ კაცს? შენ დაგინახა თურმე და შენ მოეწონე თურმე და ახლა შენი წაყვანა უნდა თურმე... წაყევი ზიქრი, კაი? წაყევი გურჯას, რომ ისკენდერ ბიძიამ ჩანგური მალე ამომიტანოს... საქმე მართლაც გაკეთდა. ერთმანეთის დანახვა რათ უნდაო, წეიყვანს და შეუყვარდებაო, თქვა ბაბამ. ქორწილიც იმავე შემოდგომაზე დანიშნეს. ზიქრიმ მთელი ზაფხული წინდები ქსოვა საჩუქრებად. ქმრის ოჯახში თავისი საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაკერ-ნაქარგი ნივთები უნდა მიიტანოს. ზიქრის დედაჩემი ან ფადიმეც კი ხანდახან წაეხმარებოდნენ, მაგრამ ეს წახმარება არ მოსწონდა. მე მარტო საკუთარი გაკეთებულით უნდა შევიდე ზენდიდელის ოჯახშიო. წაყვანის ქორწილი მოკლე და მყუდრო გამოდგა. სასიძო ჯერ დანიშნულთან ვერ მოდიოდა. ქორწილზე ბიჭის მაყარს გურჯა არ მოჰყოლია. ყველაფერი ძველებურად, რელიგიური ხელფეხშეკრულობით ჩაატარეს. შეღამებულზე ზიქრი, პირგამოკეთებული, ფერწასული და ჩაცმულ-გამოწყობილი, სახლიდან გარეთ გაიყვანეს. ეზოში დედაჩემს მოეხვია და პაწა-პაწა ცრემლებიც გადმოღვარა. მე კი სული მიკაწკაწებდა, ყველა რაც შეიძლება მალე გაკრეფილიყო ეზო-კარიდან, რომ მურთაზასათვის საჩუქრად მოტანილ ზენდიდელი ისკანდერას ჩანგურს მივჯდომოდი. ძველ დაქლექილ ფეშტამალაში გამოხვეული ჩანგური დედაჩემის სკივრის თავზე იყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი